ხუთ. მარ 28th, 2024

ფოთის 15 სკოლამდელ სააღმზდელო დაწესებულებას უკვე რამდენი წელია აწუხებს ეზოში არსებული ანტისანიტარიული მდგომარეობა.

საბავშვო ბაღის ეზოში არის ძველი ბაღის შენობა, რომელიც ბაღის საკუთრებაა და სანაგვეთაა ქცეული. ბაღის თანამშრომლები და მშობლები შენობის დანგრევას ითხოვენ. ნაგავსაყრელად, ლოთებისა და მაწანწალა ძაღლების თავყრილობის ადგილად ქცეული შენობა საფრთხეს უქმნის იქ მყოფ ბავშვებს. როგორც გავარკვიეთ ეს შენობა ქალაქის ბალანზეა აყვანილი.

ბაღის გამგის ირმა ნაჭყებიას თქმით წლების განმავლობაში მათ არაერთხელ მიმართეს ქალაქის ხელმძღვანელობას მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

ნაჭყებიას განმარტებით : “ ძველი ბაღის შენობაში, ადრე ლტოლვილები ცხოვრობდნენ, შემდგე ისინი ბინებით დააკმაყოფილეს და აქაურობა გაპარტახებული დატოვეს, ამას დაემატა ის, რომ სახურავი ჩამოიშალა წვიმის შედეგად და თითქმის დაინგრა. ახლა კი ლოთები ცხოვრობენ. მათ არც წყალი აქვთ და არც საპირფარეშო. ეზოში საშინელი ანტისანიტარია, ქვეწარმავლები, ძაღლები, კატები და ვირთხები ბუდობენ. ამ სიტუაციით აღშფოთებულმა მშობლებმა არა ერთხელ მომართეს საყვედურით. რამდენჯერ დავალაგეთ, გავწმინდეთ ეს ტერიტორია ჩვენი სახსრებით, მაგრამ რამოდენიმე დღეში ისევ იგივე სიტუაციაა, ხან ქარს მოაქვს ისევ ნაგავი, ხან ძაღლებს. მოსვლის დღიდან ვიბრძვი, რომ ეს შენობა აიღონ. რამდენჯერმე მოხსენებითი ბარათით მივმართე ამის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელს, ახლაც დავწერე მოხსენებითი წერილი ამის თაობაზე და გავაგზავნე გაერთიანებაში. მაგრამ უშედეგოდ. გაუსაძლისია აქ ყოფნა.“

ბაღის თანამშრომლების მსგავსად აღშფოთებას გამოხატავენ მშობლებიც.

ბაღის გამგისგან განსხვავებით სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ნატო ესიავა, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს მოხსენებით ბარათეან დაკავშირებით და ამბობს, რომ თავადაც რამდენჯერმე მიმართა საკრებულოსაც და მერიასაც, შენობის დანგრევის მოთხოვნით. `როგორც გვეუბნებიან ბევრი პროცედურაა ჩასატარებელი რომ დაინგრეს შენობა. მინდა ისევ წამოვწიო ეს საკითხი და ხელმეორედ მივმართო მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. როგორც კი გამგე მოხსენებით ბარათს დამიწერს, მას ჯერ არ მოუტანია მოხსენებითი ბარათი. გაზაფხული მოდის და იქ საშინელი ანტისანიტარია”.

მერის მოადგილემ ნიკა გრიგოლიამ msnews -ს განუცხადა, რომ: “ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პრობლემასთან დაკავშირებით არავის არ მოუმართავს არანაირი სახით, არც წერილობით და არც ზეპირად. შესაბამისად, როდესაც მოგვმართავენ ჩვენ, შემდგომ განვიხილავთ ამ საკითხს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას”.