ხუთ. აპრ 25th, 2024

ახალი წლის დაწყებასთან ერთად ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებამ საბავშვო ბაღების სხვადასხვა მომსახურებისთვის ტენდერები გამოაცხადა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ახალგამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული ფირმების მომსახურებით უკმაყოფილოები არიან ბაღების თანამშრომლები. ჩვენ ამ საკითხის გასარკვევად ვეწვიეთ ქალაქში არსებულ რამდენიმე სკოლამდელ – სააღმზრდელო დაწესებულებას.

მე-7 საბავშვო ბაღის გამგე, ირინა ანდრიაძე ხარისხიანი ხორცის მომარაგებით ჯერჯერობით უკმაყოფილო არ გახლავთ, მაგრამ მის მცირე წონასთან და დაგვიანებით მომარაგებასთან გამოთქვამს პრეტენზიას: ,,შარშან ზაფხულში მოგვცეს ხორცის გასატარებელი მანქანა და ჯერჯერობით ვასწრებთ ხორცის გატარებას. თებერვლიდან ბავშვების რაოდენობა მოიმატებს. სულ 91 ბავშვი გვყავს, აქედან 2 ახლა მივიღეთ და მერე არ ვიცი, რა იქნება, როგორ მოვასწრებთ. რაც შეეხება ტენდერს, პროდუქტები გაფანტულია, ძალინ ბევრი მომწოდებელი გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან და სასურველი იქნებოდა, ფოთელს მოეგო, რადგან პრობლემის შემთხვევაში, მაგალითად, არ მოგვეწონოს პროდუქტი, მაშინვე გამოვცვლიდით. ახლა ძალიან ძნელია, როდესაც თბილისიდან მომიტანენ ვაშლს და ამ ვაშლის ხარისხი დავიწუნო,ისევ ფოთში უნდა გავიდეთ და ვიყიდოთ, რადგან არ დაიბრუნებს მომწოდებელი. შეშას და გაზს რაც შეეხება, შეშაზე პრობლემა არ გვაქვს, ყველა ოთახში გათბობაა. შეშის შეტანისთვის ჩვენ თვითონ ვდებთ თანამშრომლები თანხას და შეგვაქვს შეშა მუშის დახმარებით. გაზის ტენდერში გაიმარჯვა ზუგდიდმა და მომწოდებლებმა 3 ბალონი დაგვიტოვეს, რაც საფრთხის შემცველია. რაც შეეხება ჩვენი ბაღის რემონტს, ველოდებოდით. ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ გაგვირემონტდებოდა შენობა, მაგრამ უარი თბილისიდან მოგვივიდა“.

მე-9 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გამგე მაია სილოგავა კმაყოფილი გახლავთ შემოტანილი საკვებით და როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად უკეთესი ხარისხის პროდუქტი შემოდის. სილოგავაც უკმაყოფილოა გაზის მომარაგებითაც: “არ მომწონს, რომ დატენილი გაზის ბალონები განთავსებულია ჩვენს ტერიტორიაზე. ძალიან დიდი ფართი გვაქვს, მაგრამ მაინც საშიშია. გაერთიანების დირექტორი ჩვენ არ გვეკითხება და არ გვისმენს. საკმარისია, პრეტენზია გამოვთქვათ და იწყებს ჩხუბს, როგორ ბედავთო და ა.შ. ამ გაზის ბალონებზე თათბირი ჩატარდა და ვთქვით, რომ პროდუქტი კარგი შემოვიდა – ხორცი ძალიან კარგია, ფუნთუშაც, ფასიც დაბალია და ძალიან კარგია, მაგრამ ეს გაზი „გვეჩოთირება“, რადგან არც ტენდერში გვახედებს არავინ, არც ტენდერის პირობებში. ვფიქრობ, როდესაც ცხადება ტენდერი, უნდა მოხდეს გამგეების მოწვევა და მათ თავიანთი მოსაზრება უნდა თქვან. ეს თითქოს წვრილმანია, მაგრამ სად შევინახოთ ეს გაზის ბალონები? არის უსაფრთხოების გარანტია, რომ ერთ დღეს არ აფეთქდება? ამის გარანტიას მე არავინ მაძლევს. გვქონდა პრობლემა ხორცის გასატარებელ მანქანებთან დაკავშირებით. ადრე გვქონდა ეს მანქანა, გვიყიდა გაერთიანებამ, მაგრამ იაფასიანი, პლასტმასის დეტალებით იყო, რომელიც ძარღვიან ხორცს არ ატარებდა და დიდ დანაკარგს ვხედავდით. ეს პრობლემა მხოლოდ ჩემს ბაღს არ ჰქონდა, ბაღების უმრავლესობა ამ მდგომარეობაში იყო. მოვითხოვეთ მაღალი ხარისხის, რკინის დეტალებით ხორცის გასატარებელი მანქანა და ბრძოლის შედეგად მივიღეთ. დღეს ვარ მშვიდად – ჩემი ბაღის აღსაზრდელები ჭამენ კარგი ხარისხის ხორცს. მხოლოდ ის პრეტენზია მაქვს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა უნდა იხარჯებოდეს ოპტიმალურად. უნდა შედგეს განვითარების სტრატეგია, სად მიჭირს, რა პრობლემის წინაშე ვდგავარ. თანხა უნდა იყოს მიმართული იმისაკენ, თუ რომელი პრობლემა წარმოადგენს პრიორიტეტს. უნდა მოხდეს მაქსიმალურად თანხის მიზნობრივად ხარჯვა. აი, მაგალითად, როდესაც ხორცის გასატარებელი მანქანა არ მაქვს და ხელით მიწევს მისი გატარება, ამ დროს რაში მჭირდება ოთახში ფერადი ტელევიზორის დადგმა?“

მე-10 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გამგის ლალი შურღაიას განმარტებით, ყველაფერი ნორმალურად მიდის ბაღებში, როგორც წინა წელს, ასევე ახალი წლის დაწყების დროსაც. შურღაიას სხვა გამგეების მსგავსად გაზით დატენილ ბალონების ბაღში დატოვება მიუღებლად მიაჩნია.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ნატო ესიავაც კმაყოფილია ახალი ფირმების მომსახურებით და ზოგიერთი გამგის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს: „ხორცით გვამარაგებენ, შეშა უკვე შემოგვიტანეს, გაზიც. მომწოდებლები ზუგდიდიდან არიან, ბოსტნეულისა თბილისიდან. არ მომწონს გაზის დატენილი ბალონების შეტანა ბაღებში და ასეც ვუთხარი მომწოდებელს, მაგრამ – ასე დაგვაქვს ყველგან და გარანტია ჩვენ ვართო. ჩვენ არ გვაქვს ეს ბალონები სამზარეულოში. არც ერთ ბაღს არ მოუმართავს პრეტენზიით რაიმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება მე-7, მე-8, მე-5 და მე-14 ბაღების რემონტს, ისინი უნდა ჩამჯდარიყვნენ გეგმაში, ტრანსფერი უნდა მოსულიყო, მაგრამ ჯერჯერობით არ კეთდება. 3 წლის განმავლობაში უნდა გაკეთებულიყო ყველა ბაღი, წელს 4 ბაღი, შემდეგ წელს 4 ბაღი და ასე შემდეგ. ეს მთავრობის პირველ სხდომაზე უნდა დამტკიცებულიყო, მაგრამ რატომღაც არ დაამტკიცეს. მე-7 საბავშვო ბაღში სამზარეულო უნდა გავარემონტოთ, პატარ-პატარა სამუშაოები, რისი საშუალებაც გვაქვს, თავად ვაკეთებთ. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. რაც შეეხება ხორცის საკეპ მანქანას, აბსოლუტურად ყველა ბაღს ვუყიდეთ შარშან, ხდება ზოგჯერ დენი არაა და ვერ ტარდება ხორცი, ამიტომ ხორცის მომწოდებელს მოველაპარაკეთ, ხორცი რომ გაეტარებინათ ჩემი წარმომადგენელი იყო იქ და ატარებდა ხორცს და მიქონდა. ეს მანქანები ყველამ დაამტვრია ჭარხლის გატარების დროს. წელს ისევ თავიდან ვიყიდე. არც ისეთი შემთხვევა ყოფილა, ვინმეს რამე მოეთხოვოს, რამე სჭირდებათ და არ მიმეტანოს. საახალწლოდ ყველა ბაღში მივიტანე წიგნები და საჩუქრები და ერთ-ერთი ბაღის გამგემ მითხრა – რად მინდოდა წიგნებიო. ისეთი მოთხოვნა არ ყოფილა, არ დამეკმაყოფილებინოს. ერთი ესაა, რემონტს ვერ ვაკეთებ, მაგრამ აქაც პატარ-პატარა სარემონტო სამუშაოებს ვასრულებთ. ჯერ არანაირი საშუალება არ მაქვს იმიტომ, რომ გადავდივართ ხაზინის დაქვემდებარებაში და თანხები არ გაგვაჩნია. ნისიებით მაქვს ყველაფერი გაკეთებული. რაც შეეხება იმას, რომ არამიზნობრივად ვხარჯავ ფულს, იცით რამდენი ვინმე მამოწმებს? მამოწმებს მერია, საკრებულო, ანუ ჩემი ფინანსები არამიზნობრივად არ იხარჯება, ერთი თეთრიც კი. რაც შეეხება გადახურვას, სათამაშოსა და წიგნის ყიდვას, მუხლობრივადაა დაყოფილი და იმაში თავისი თანხა და თავისი დროა განსაზღვრული. ორი შიფრის გულისთვის ტენდერს ვერ გამოვაცხადებ. როცა ამოიწურა გამოყოფილი 5 000 ლარი, მეტი აღარ მაქვს საშუალება, რომ გავაკეთო და ვჩერდები. თუ მაქვს 20-30 ათასი ლარი, ვაცხადებ ტენდერს. იმას რატომ არ ამბობენ გამგეები, კილონახევრიან ჭარხალს რომ ღებულობენ, ნიტრატებით სავსეს და რომ ვჩხუბობ, რატომ ღებულობთ ამ კილონახევრიან ჭარხალს-მეთქი. მე გავყვე იმ ბოსტნეულის მანქანას და მე შევამოწმო, რას მიიღებენ? რა უნდა გააკეთოს გამგემ მეტი ბაღში. ვინც იმას ამბობს, რომ არაფერს ვაკეთებ, ტუტუცები არიან“.

ბაღებში სტუმრობისას დავათვალიერეთ თითოეული ოთახი, საძინებლები, სამზარეულო. არის ბაღები, რომელიც საჭიროებს გარემონტებას, მიუხედავად ამისა ბაღებში მინიმალური პირობები მაინც არის შექმნილი პატარებისთვის.