შაბ. აპრ 20th, 2024

21 ივნისს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ თოდუა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ნარჩენების მართვის ექსპერტები, ფოთში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის პირველადი საექსპლუატაციო სამუშაოების დასაათვალიერებლად შეიკრიბნენ.

ნაგავსაყრელის კეთილმოსაწყობად, ქალაქ ფოთში მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგადაც, პოლიგონის კეთილმოწყობასა და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება. ტენდერით გათვალისწინებულია: ნაგავსაყრელის ტერიტორიის ზედაპირის პროფილის ფორმირება, მისი თიხნარი საიზოლაციო ფენით გადაფარვა, შიდა გზების მოწყობა, თიხნარიგრუნტის მარაგის კავალიერების სახით დასაწყობება, ნაგავსაყრელზე საკონტროლო-გამშვები ჯიხურის განთავსება, სანიაღვრე წყალარინების სისტემების, სანიტარული საკვანძისა და უსაფრთხოების ფარის მოწყობა, ტერიტორიის შემოღობვა, ამკრძალავი მაჩვენებლების დამონტაჟება.

აღსანიშნავია, რომ ნაგავსაყრელის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მდინარე რიონი, რომელიც ჭარბი ატმოსფერული ნალექებისას სწრაფად დიდდება და პოლიგონის ტერიტორიის ნაწილის დატბორვის საფრთხეს ქმნის. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ნაპირზე სპეციალური დამცავი ფერდი მოეწყობა. ჩამოთვლილი სამუშაოების განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება ნაგავსაყრელის ეფექტური ექსპლუატაცია.

ფოთის ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას კი მართველობაში ამა წლის 21 ივნისს გადაეცემა.