ოთხ. ოქტ 9th, 2024

 ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“  USAID-ისა  და  IFES-ის  ფინანსური მხარდაჭერით  განხორციელებული  პროექტის „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის გეგმავს საინფორმაციო  შეხვედრებს  თემაზე: მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირებულობა ელექტრონულ არჩვენებზე.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ სამეგრელოში პროექტის კორდინატორმა ინგა გვასალიამ,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯვარზენის თემში 18 სექტემბერს საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანია ამომრჩეველთა ცნობიერების გაზრდა, კენჭისყრის დროს გასავლელი პროცედურების უკეთ გაცნობა, როგორც შეხვედრაზე  გამოიკვეთა ამომრჩეველთა უმრავლესობა სათანადოდ არ არიან ინფორმირებულები და ნიჰილისტურად არიან განწყობილი ელექტრონული არჩევნების მიმართ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დამსწრეთა აზრით აუცილებელია მეტი ინფორმაციის მიწოდება ამომრჩევლებისთვის, რათა თითოეულმა ამომრჩეველმა შეძლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება. როგორც შეხვედრიდან გამოიკვეთა, მოსახლეობაში მუსირებს ის აზრი, რომ ელექტრონული არჩევნებში ხმის მიცემას სახლიდან  შეძლებენ.

,,msnews.ge“ დავინტერესდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო თემაზე საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება რეგიონებში და იყვნენ თუ არა ინფორმირებულები ახალი ელექტრონული არჩევნების ტექნიკით.

ერთ-ერთი ამომრჩევლის  გენო ციმიტიას აზრით ,,ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი ტრენინგი, რადგან არც ჩატარებულა ჩვენს თემში და არც დავსწრებივარ  მსგავსი სახის შეხვედრას. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ინფორმაციას  ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად გავავრცელებთ, რათა არჩევნების დღეს არ მოხდეს რაიმე სახის ხარვეზი და ობიექტურად დადგეს შედეგი. ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუსურვებ გამარჯვებას“.

ჯვარზენის თემში მცხოვრები ავთანდილ ქარდავას თქმით: ,, ჩვენს თემში არჩევნებთან დაკავშირებით ეს პირველი შეხვედრა იყო და შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ, რისთვისაც მადლობელი ვართ ტრენერის. და ამ ორგანიზაციის, კარგი იქნება კიდევ თუ ჩატარდება და ხალხი გაერკვევა  ხმის მიცემის ახალ სისტემაზე“.

,,ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი ტრენინგი იყო, გავერკვიე ყველაფერში. აუცილებელი იყო მსგავსი ტრენინგები და კიდევ უნდა ჩატარდეს, რადგან ელექტრონული არჩევნებია, ხალხს მიაჩნია, რომ საკუთარი ტელეფონიდან, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ  ხმის დაფიქსირებას“-თავისი აზრი გამოთქვა ტრენინგის მონაწილე ცირა ჯობავამაც.

ჯვარზენის მკვიდრის ლელა ჩახოვასთვისაც საინტერესო გამოდგა ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია:  ,,ძალიან ბევრი და ახალი ინფორმაცია გავიგე, აუცილებლად ვისურვებდი მსგავსი ინფორმაციის მქონე ტრენინგზე დასწრებას, მადლობა თქვენ“.

ნესტან ჩხაპელიამაც კმაყოფილება გამოთქვა: ,,დიდი მადლობა შეხვედრისთვის, ვმონაწილეობდი სხვადასხვა არჩევნებზე და მეგონა ვიცოდი არჩევნებზე  ყველაფერი,  მაგრამ, რადგან სიახლეა ჩვენს ქვეყანაში ელექტრული არჩევნები მეც კითხვები მქონდა. სრულად დაკმაყოფილდა ჩემი ინტერესი, რისთვისაც მადლობა“.

ორგანიზაცია “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ მსგავსი სახის შეხვედრებს  საქართველოს 6 რეგიონში უწევს კოორდინირებას.