პარ. მარ 29th, 2024

ჩხოროწყუში 11 ოქტომბერს, ლაშა გახარიას დაბადების დღეს, მაშინ, როცა ,,რუმე სერიში ლანდღვე თოლს თუთაქ სინთე ქალაჭვალ”, პოეტის ეზოში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.
ცადაზიდული მთების წიაღში განივთდა არაჩვეულებრივი, თავისთავადი სტრიქონები ,,ობლის ცრემლივით ცამდე მართალი”, პოეტისა, რომლის ლაზათიანი ლექსები თითოეული ჩხოროწყუელის კანონიერი სიამაყის საფუძველია.,,მაღალი კაცის მაღალი ლექსები” (ლაშა გვასალია) გულსა და გონებას სრულად სწვდებოდა პოეტის ,,ლახარა მუხურის” წიაღში, იქ, სადაც ,,აურე ხობწყარი მოშინთანს, ეურე მაფელი მიკვაჭალ”, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების მოსწავლეები, ემოციებით აღვსილნი, იმეორებდნენ დიდი პოეტის სტრიქონებს, მღეროდნენ მის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს და თბილისიდან ჩამოსული სტუმრების გარემოცვაში გარკვეულწილად ამღელვარებულებს მაყურებლის ტაში ამხნევებდა. ლაშა გახარიას ლექსებმა კიდევ ერთხელ შეაკავშირა ჩხოროწყუს მკვიდრნი. აციაგებულ სანთლებს ,,მთვარიდან, ზეცის სამერცხლულიდან” გამონაშუქი ნათელიც შეემატა და ,,მასქურმა” აქა-იქ დანთებული კოცონები ,,წაათავხედა”.
უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ მისიას დაბა ჩხოროწყუს #1 და 2, მუხურის, ლეწურწუმეს, ლესიჭინეს, ახუთის თემის საჯარო სკოლების მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები და დირექტორები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მათი აღსაზრდელები. ჩხოროწყუს სახალხო ანსამბლი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მარდუქი”და მუხურის სკოლის მომღერალთა გუნდი ,,თაბუნი”.
ლაშა გახარიას ლექსზე დაწერილი სიმღერები შეასრულა თეკლე ჩალიგავამ. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები: ბატონები ლევან ღვინჯილია, გია ჯიჭონაია, ოთარ ფალიანი, პაატა ნაცვლიშვილი. ქალბატონები ელდინო საღარაძე, თამრიკო კვარაცხელია, კომპოზიტორი მაყვალა ხორბალაძე, ლაშას უახლოესი მეგობარი და მისი რამდენიმე წიგნის რედაქტორი ლია ნაროუშვილი, მარინე თექთუმანიძე. პოეტის ლექსები წაიკითხეს ბატონებმა: კოტე ნაჭყებიამ, კობა ფარცვანიამ და ჯანიკო ქებურიამ. შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა მუხურის მკვიდრმა ლაშა ცირამუამ.
ლაშა გახარიას მეუღლე როზა ბერიკაშვილმა, კლდემამოსილებითა და უბრალოებით გამორჩეულმა ქალბატონმა, უღრმესი მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორ ნაირა ციმინტიას, მუნიციპალიტეტის გამგებელ დათო გოგუას, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუას, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ლია ჯალაღონიას და დამსწრე საზოგადოებას პოეტის ღვაწლის დაფასებისათვის.
მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა თავის გამოსვლაში დამსწრე საზოგადოებას, მომავალ წელს ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმის განახლებასა და ლაშაობის უფრო მასშტაბურად ჩატარდებას დაპირდა.
მუხურში, ოდაბადეში, ერთხელ კიდევ ,,ალაღდა და აბაღდა მაღლა სიტყვათა ხეხილად” ლაშა გახარიას ლექსები, შემოიმშრალა ცამ არშია და ტანზე ლექსებშემოშენებული პოეტის სტრიქონები მისებურად ახმიანდა.