პარ. აპრ 19th, 2024

მართალია, ფოთში ამჟამად წყლის პრობლემა არ დგას, სამაგიეროდ, პრობლემაა წყლის ტარიფი, რომელიც ფოთს დანარჩენი საქართველოსაგან განასხვავებს, რადგან ეს უკანასკნელი ყველაზე მაღალია – უკვე 9 წელი და 7 თვეა, ფოთის მოსახლეობა მოხმარებული წყლისათვის გაორმაგებულ თანხას იხდის და დანარჩენი საქართველოსაგან, რატომღაც, განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფება.

თუ პრობლემას ქრონოლოგიურად მივყვებით, ირკვევა რომ 2006 წლის 15 სექტემბერს სანატრელი 24-საათიანი წყალმომარაგების მოწესრიგების მიზნით ხელი მოეწერა ფოთის მუნიციპალური წყლის 24 საათიანი თვითდენითი წყალმომარაგების პროექტს (ხელშეკრულების პაკეტს) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBღD). პროექტის მიხედვით, მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მარტვილის რ–ნის სოფ. ბალდაში მდებარე ღროულის წყაროდან თვითდინებით უნდა მიეღო. პროექტი ძვირადღირებული გახლდათ და მისი განხორციელებისთვის აღებული სესხის დასაფარად წყლის ტარიფი უნდა გაზრდილიყო. მანამდე, წლების განმავლობაში, ფოთი სასმელი წყლით, უკვდავების წყლის დარად, დღე-ღამეში ორი საათით, თანაც დაუდგენელი გრაფიკით, სენაკის რ–ნ სოფ. ნოსირის სათავე ნაგებობიდან მარაგდებოდა. ხშირ შემთხვევაში, წყალი არათუ სანატრელი, საშიშიც იყო, რადგან წყლის დაბინძურების შედეგად ინფექციური დაავადების გავრცელების ფაქტებიც გვახსოვს. მოუწესრიგებელ წყალმომარაგებას მოსახლეობა წყლის გადასახადის გადაუხდელობით პასუხობდა. ადგილობრივი მთავრობაც, ხშირად დავალიანებების რესტრუქტურიზაციას (ჩამოწერა) ახორციელებდა. იმ დროისათვის წყლის ღირებულება 1 კბ.მ-ზე 35 თეთრს შეადგენდა. ახალი ძვირადღირებული პროექტის განსახორციელებლად ქალაქმა სესხი აიღო, რომლის საფასურს მოსახლეობა დღემდე იხდის. იმდროინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, წყლის ტარიფს დამატებოდა აღებული სესხის გადასაფარი თანხაც. გამოთვლილმა თანხამ 55 თეთრი შეადგინა. ამ თანხაში შედიოდა, ასევე, იმ დავალიანების გადახდა, რომელიც მოსახლებას წყალკანალთან დაუგროვდა, თუმცა გაუგებარია, რატომ გახდა არაერთხელ ჩამოწერილი თანხები ისევ მოსახლეობის გადასახდელი. ამავე დროს კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი გადამხდელი ერთ ქვაბში მოიხარშა და ორმაგად მოუწია გადახდა. არაკეთილსინდისიერ გადამხდელსაც “თავისი სიმართლე” ქონდა – ისეთ წყალში, რაც მაშინ ონკანიდან მოედინებოდა, ფულის გადახდა არ უღირდა.

საკრებულოს 2007 წლის 29 მარტის დადგენილებაში ვკითხულობთ – ,,აღნიშნული ხელშეკრულებით, შპს ,,წყალკანალი“ ვალდებულია 2007 წლის 1 მარტიდან მინიმუმ 55%-ით გაზარდოს წყალმომარაგების ტარიფი“. დამტკიცდა, რომ 1 ტონა სასმელი წყლის ღირებულება მოსახლეობისათვის განისაზღვროს 55 თეთრის ოდენობით, შეცვლილი ტარიფის გადახდა 2010 წლიდან დაიწყო და 2018 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრა. საკითხავია, რამდენად სამართლიანად დაეკისრა მოსახლეობას მომატებული ტარიფის გადახდა, თუმცა კიდევ უფრო დიდი უსამართლობაა, რომ მოსახლეობა ამ ტარიფს წელიწადი და 7 თვეა ზედმეტად იხდის.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დღეს საკრებულოს უმრავლესობა აცხადებს, რომ მათთვის უცნობი იყო წყლის ტარიფთან დაკავშირებული პრობლემები. არადა, სამი თვის წინ, საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ წამოაყენა წინადადება წყლის ტარიფის 2007 წლის 29 მარტის დადგენილების გაუქმების შესახებ. აღნიშნული თემით საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ხვიჩა ცხვიტარია დაინტერესდა და როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ტარიფის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ ქონია: ,,გასულ სხდომაზე გაჟღერებულ წყლის ტარიფის თემაზე დავიწყე მოკვლევა და გავარკვიე, რომ სემეკს, დავალიანების ამოღების მიზნით, დაუწესებია 55 თეთრიანი ტარიფი 2010 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე. გავარკვიე ასევე, რომ სხვა წყალკომპანიებმა უკვე დაუწიეს ფასს, შესაბამისად, ტარიფმა აქაც უნდა დაიკლოს. გავუგზავნეთ წერილი სემეკს და ველოდებით პასუხს. წინა საკრებულოს თავმჯდომარემ მიწერა სემეკს, მაგრამ არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა. ალბათ, ვადის გასვლას ელოდნენ. სიმართლე რომ გითხრათ, არც ვიცოდი, საკრებულომ თუ მიიღო ეს ტარიფი და მხოლოდ ახლა შევისწავლე საკითხი“.

რაც შეეხება მაღალ ტარიფს: ,,ყველა კომპანია კომერციული გათვლით ადგენს წყლის ტარიფს, კომპანიის მოთხოვნა კი ეს იყო“- გვითხრა ცხვიტარიამ. მან ასევე გვითხრა, რომ წყლის გადასახადი, სავარაუდოდ, 10-15 თეთრით შემცირდება.
საკრებულოს წევრის დარეჯან ცხვიტარიას თქმით, 2018 წლის იანვრის შემდეგ რამდენჯერმე წამოაყენა წყლის ტარიფის საკითხი საკრებულოს სხდომაზე: ,,არავინ მოისმინა, არც დაიჯერეს, რასაც ვეუბნებოდი, როდესაც წყლის ტარიფის საკითხი გამწვავდა, იძულებული გახდნენ, დაეჯერებინათ და საკითხის შესწავლა დაიწყეს“.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ პროექტი შეიცვალა და დღეს ფოთში არა მარტვილის რ–ნის სოფ. ბალდაში მდებარე ღროულის წყაროდან თვითდინებით მომავალი წყალი, არამედ სენაკის სოფელ ნოსირიდან მომავალი წყალი გვაქვს. პროექტის შეცვლის მიზეზი წყლის წნევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დასრულდა და სასმელი წყალი მილებშიც კი გაუშვეს, თვითდინების წნევა იმდენად დიდი იყო რომ წყალმა მილები დახეთქა და პირველივე საცდელ სამუშაოებზე ფოთის ქუჩები დაიტბორა. საუბარი იმაზე, რომ ნოსირის პროექტი უფრო იაფი იყო და თანხები ზედმეტად დაიხარჯა, დარეჯან ცხვიტარია არ ეთანხმება, ,,58 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტში, შეიცვალა შიდა მილები, რეაბილიტირდა ყველაფერი, რაც ამ პროექტისათვის იყო საჭირო. როდესაც პროექტმა არ გაამართლა, უფრო სწორედ ვერ დარეგულირდა წნევა, მიუხედავად იმისა, რომ გაკეთდა წნევის შემაკავებელი ობიექტებიც, პროექტი მთელი ისრებით გადაერთო ნოსირის წყალზე. იგივე კომპანიამ შეასრულა სამუშაოები, რა მნიშვნელობა აქვს საიდან შემოვიყვანეთ წყალი, მთავარია, ჩვენი ძალისხმევით მოხერხდა ფოთში 24 საათიანი წყლის პროექტის განხორციელება. არაფერი არ ყოფილა ზედმეტად გახარჯული. იგივე კომპანიამ გააკეთა, მხოლოდ მიმართულება შეიცვალა. ნოსირის პროექტი შეიძლება იაფი იყო, მაგრამ ღროულის წყარომდე ხომ ჩაიყარა მილები, ხომ დაიხარჯა თანხა? არავინ არ იცოდა, ეს პროექტი რომ არ გაამართლებდა და წნევის შეკავება ვერ მოხდებოდა. რა პირობაც იდო პროექტში, იმისთვის არ გადაგვიხვევია, ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ტარიფი ყოფილიყო 55 თეთრი, მეტად მუშაობას არ იწყებდნენ. რა დამავიწყებს იმ დროს, როდესაც წყალი ვედროებით მე-5 ქუჩიდან დაგვქონდა“.

რა ბედი ეწია მდინარე ღროულის წყარომდე ჩაყრილ მილებს და იქამდე მოწყობილ ინფრასტრუქტურას, ცხვიტარიასათვის უცნობია. როგორც ამბობს, ამ საკითხით აღარ დაინტერესებულა, “რადგან გაცილებით მეტი პრობლემები იყო ქვეყანაში“(?!).
როგორც გავარკვიეთ საკითხის შესწავლა სამი თვის წინ დაიწყო, შედეგი კი დღემდე არ არის, თავდაპირველად სემეკში მოთხოვნის წერილის გაგზავნა დაგვიანდა, მიზეზად ზუგდიდის შუალედური არჩევნების გამო მოუცლელობა დაასახელეს ადგილობრივმა კანონმდებლებმა. დღეს გვეუბნებიან, სემეკიდან პასუხი ჯერ არ მოსულაო.

ერთი რამ ცხადია – ფოთელები ორმაგად იხდიან წყლის საფასურს და ისიც გაურკვეველია, როდემდე გაგრძელდება ეს უსამართლობა. როგორც ჩანს, მოსახლეობიდან არაკანონიერად აღებული თანხები წყალივით ჩაედინება ვიღაცის ჯიბეში. საინტერესოა ასევე ისიც, რა ბედი ეწევა მოსახლეობიდან 1 წლისა და 7 თვის განმავლობაში ზედმეტად აღებულ თანხებს და კიდევ რამდენი ხანი გადაყრის მოსახლეობა “წყალში ფულს”?