ხუთ. აპრ 25th, 2024

დღეს ფოთის ბაზრში შინაური ფრინველებით მოვაჭრეებმა სავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა ბაზრის ადმინისტრაციის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმად, მათ იმ ადგილის დატოვებას თხოვენ, სადაც ვაჭრობდნენ. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მათთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა.

„გვეუბნებიან უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებსო, ალტერნატიულ პირობებს კი არ გვთავაზობენ, ამიტომ აქ ქუჩაში ვიჯდებით. როგორც ჩანს, მერიაც ვერ გამოყოფს ჩვენთვის ადგილს და ვერც ბაზრის დირექცია. ჩვენი მოთხოვნაა აღდგომამდე დაგვრთონ აქ ვაჭრობის ნება, შემდეგ დროებით გადავალთ იქ, სადაც გვეტყვიან და შენობის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისევ უკან დავბრუნდებით. ჩვენმა ბრძოლამ შედეგი უნდა გამოიღოს, არ გავჩერდებით და გავაპროტესტებთ“, – განაცხადა გულნარა შამანაძემ.

ბაზრის დირექციის განმარტებით, სწორედ სურსათის უვნებლობის სააგენტოს ქონდა შენიშვნები ე.გ „საქათმესთან“ მიმართებით.

„სურსათის უვნებლობის სამსახურის სააგენტომ მოგვცა მითითებები და კატეგორიულად გაგვაფრთხილა აღნიშნული საქმიანობა არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს და დაგვეხურა. ცალკე სტანდარტების შეასაბამისი ფრინველების სასაკლაოა გასაკეთებელი. ასევე გამოსასუფთავებელია ორმო, სადაც უნდა მოხდეს იზოლირებულად ფრინველების განთავსება“ – გვითხრა ნოდარ კორსანტიამ.