ოთხ. ოქტ 9th, 2024

ფოთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა, მერიის შენობასთან საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა აქცია მალევე დაშალეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების იმ მოთხოვნას აპროტესტებენ, რომელიც ბაზარში მთავარი გზის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

მოვაჭრეების განმარტებით ხელისუფლება, მაღაზიების საჩრდილობელი ნაწილის მოხსნას ითხოვს, რომლის გაკეთებაც თავადვე ითხოვეს.

“მაღაზიებს რომლებსაც აქვთ გადახურვა, გვეუბნებიან ჩაჭერითო, არა და ეს გადახურვა თვითონ მერიის პროექტის მიხედვით გავაკეთეთ, რაც ძალიან დიდი თანხა დაგვიჯდა. ახლა გვეუბნებიან ჩაჭერითო, მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა, თავის დროზე რა საზღვრებიც მიგვითითეს იმ საზღვრებში ვართ ჩატეული. მოვედით გასარკვევად, თუმცა პასუხი ვერავინ ვერ გაგვცა. არ ვაპირებთ პოზიციების დათმობას, აქციებს გავმართავთ”,- განგვიცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეებს მერის მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარე, სხდომათა დარბაზში შეხვდა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება.ზოგიერთ მოვაჭრეს პროექტით გათვალისწინებული საზღვარი დარღვეული აქვს, ბაზრის ცენტრალური გზა კი ქალაქის საკუთრებაა და უსაფრთოების ნორმებიდან გამომდინარე ის აუცილებელად უნდა მოწესრიგდს.
„წესრიგში უნდა მოვიყვანოთ ქალაქის ტერიტორია. საკოლმეურნეო ბაზარში არსებული გასავლელი, ქალაქის საკუთრებაა. ჩვენ ვცდილობთ ეს გზა მოვიყვანოთ წესრიგში და დავიცვათ ყველა ის ნორმები, რომელიც ეხება უსაფრთხოებას და გადაადგილებას. აქ საპროტესტო არაფერია, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალაქისა და ბაზრის იერ-სახე მოწესრიგდეს “ – აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ კოტე თოფურიამ.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მოვაჭრეებმა აქცია შეწყვიტეს.მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარკებები გრძელდება და იმედოვნებენ, რომ შედეგს მიაღწევენ.

„ამ ეტაპზე დავიშალეთ, რადგან მოლაპარაკებები ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ორივე მხარე უნდა წამოვიდეს რაღაც კომპრომისზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს განვაახლებთ“- განაცხადა მოვაჭრე თაკო კეკელიამ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ჯგერენაიას თქმით, მოლაპარაკების შედეგად ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. ,,კიდევ ერთხელ დავსხდებით, დავილაპარაკებთ და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისეთს, რომ ამით არავინ დაზარალდეს,“- აღნიშნა დავით ჯგერენაიამ.

მოვაჭრეები კი მათი მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.