ხუთ. აპრ 25th, 2024

გასული კვირა, ფოთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე ხმაურიანი გამოდგა – სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა ფოთის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამისობის ანგარიში და დასკვნის სახით უკვე გამოაქვეყნა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეებით გამოწვეული უხარისხო სამუშაოების ჩატარება, რის შედეგადაც მერიის მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები დახარჯულია არაეფექტურად.

აუდიტის დასკვნაში საუბარია რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობაში არსებულ ხარვეზებზე, მალთაყვის სანაპირო ზოლზე უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე და საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაში არსებულ ნაკლოვანებებზე.

რუსთაველის რკალის ტროტუარების კეთილმოწყობითი სამუშაოები შპს ,,ნერგინეერინგ შერვიცების ჩომპანყ” შეასრულა, სამუშაოების მთლიანი ღირებულება 1,503.5 ათას ლარს შეადგენდა. 2017 წლის აპრილში ჩატარებულ სამუშაოებს ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტიზის ბიურომ ჩაუტარა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ ტროტუარზე, ხელოვნური გრანიტის ნაცვლად გამოყენებულია ბეტონის ფილა, რის საფუძველზეც სამუშაოს ღირებულება შემცირდა 713.3 ათასი ლარით. როგორც დასკვნიდან ირკვევა, სამწუხაროდ, ბეტონის ფილებიც უხარისხოა და ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ შპს

,,nergineering Servicebis Company”-თვის 713.3 ათასი ლარით ზედმეტია ანაზღაურებული. მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა, ამიტომ ერთადერთ მაკონტროლებელ მექანიზს წარმოადგენდა მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარებისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური. ანგარიშის თანახმად, პასუხისმგებელ პირს შესრულებული სამუშაოების ხარისხი შესწავლილი არ აქვს.

,,მთავარი თემა სამეგრელოში“ არერთხელ გამოეხმაურა ქალაქში უხარისხოდ მიმდინარე სამუშაოებს. მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენს დაინტერესებას “პროვოკაციად” და “ინფორმაციის გამუქებად” თვლიდა. როდესაც, მივმართეთ მაშინდელი მერის მოადგილეს ინფრასტრუქტურის დარგში და დავინტერესდით, რა მდგომარეობა იყო რუსთაველის რკალზე და რა ხარვეზის გამო სწავლობდა სახელმწიფო აუდიტი აღნიშნულ საქმეს, მან პროვოკატორობაში დაგვადანაშაულა და “მოგვიწოდა” – ნუ ამუქებთ ყველაფერსო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერის მოადგილემ არც კი იცოდა, რა მდგომარეობა იყო მის საკურატორო სამსახურში.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოხვდა ასევე დ. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე # 14, #16 და #21 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისას დაშვებული ხარვეზები. ამ სახლის მაცხოვრებლები წლების განმავლობაში ითხოვდნენ დახმარებას და თანადგომას. სახლების “ეგრეთწოდებული” რეაბილიტაციიდან სულ მალევე მობინადრეებს საკუთარ ბინაში ცხოვრების პრობლემები შეექმნათ. საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე მობინდრემ ახალგარემონტებული სახლის კედლებზე ამოსული სოკოც კი მოიტანა და საკრებულოს წევრებს კითხა, იცხოვრებდნენ თუ არა ისინი ასეთ სახლში. მაშინ საკრებულოს წევრებმა ურჩიეს, სასამართლოსთვის მიემართათ.

აღნიშნული სახლების რეაბილიტაციას შპს ,,ჯენერალ ქონსთრაშენ კომანი“ ასრულებდა, სამუშაოს ღირებულება 1,398.7 ათას ლარს შეადგენდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო არამედ, შესრულების ვადის დარღვევის გამო შეუწყვიტა ხელშეკრულება და ჯარიმის სახით 469.7 ათასი ლარი დააკისრა. შემსრულებელს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის წარდგენილი ჰქონდა საბანკო გარანტია 69.9 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, გარანტორი იყო აზერბაიჯანიდან იურიდიული პირი – ღია სააქციო საზოგადოება ,,ევრობანკი“, რომელიც გარანტიის მოთხოვნის პერიოდში ლიკვიდირებული იყო და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლო საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის მიღება.

რაც შეეხება ყველაზე მტკივნეულ თემას – მალთაყვის სანაპირო ზოლს. ეს უნდა ყოფილიყო ფოთის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ძალა. მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები ოპოზიციური სპექტრის მუდმივი კრიტიკის სფეროს წარმოადგენდა.

მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი 2016 წელს უნდა დამთავრებულიყო, რომელიც მოიცავდა სანაპირო ზოლზე მისასვლელი გზისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. კონტრაქტორი ფირმის მიერ დარღვეულია როგორც სამუშაოს ხარისხი, ასევე ვადები, როგორც სხვა სამუშაოებზე, აქაც კონტრაქტორ ფირმასთან ხელშეკრულება გაწყდა მხოლოდ ვადების გამო. სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მოხვდა ასევე დუბლირებული სამსახურები, როგორიცაა ტურიზმის განვითარების ცენტრი და სოციალური კვლევის ცენტრი. რეკომენდაციის სახით კი ანგარიშში აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს მსგავსი ტიპის იურიდიული პირებისა და მასში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას- აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნას იმ დროინდელი მერი, დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია არ უარყოფს, მეტიც, აღიარებს ხარვეზების არსებობას:, ,,აუდიტის დასკვნის რეკომენდაციას ვეთანხმები, ეს არის გასათვალისწინებელი. ვინც აკეთებს, მათ აქვთ ცოტ-ცოტა ხარვეზები. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აღნიშნული მოცემული ხარვეზები გამოასწოროს“- განაცხადა მან.
ივეტა პაჭკორია