პარ. მარ 29th, 2024

უკვე რამდენიმე დღეა, ფოთის ცენტრალურ ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის ფერადი ურნები გამოჩნდა. ნარჩენების მართვის კუთხით ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარჩენების წარმომქმნელი და ნარჩენების მფლობელი ვალდებულია, ნარჩენი თავად დაამუშაოს ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამის უფლებამოსილ პირებს ამავე კოდექსის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

ამ ახალი რეგულაციითა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ოქტომბრის 04/141 ბრძანების შესაბამისად აღნიშნულ საკითხზე კონტროლის განხორციელება დაევალა ა(ა)იპ ,,ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრს“.
მოსახლეობის გარდა ნარჩენის სეპარირება მოუწევთ მსხვილ საწარმოებსა და მსხვილი ნარჩენების წარმომქმნელ კომპანიებს, იურიდიულ პირებსა და მეწარმეებსაც. ბრძანების შესაბამისად „სერვისების ცენტრმა“ უკვე მიმართა მსხვილ საწარმოებსა და მსხვილი ნარჩენების წარმომქმნელ კომპანიებს, იურიდიულ პირებსა და მეწარმეებს, რათა განახორციელონ არასახიფათო ნარჩენების სახეობის მიხედვით სეპარირება (დახარისხება) და შესაბამის კონტეინერში განთავსება. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოს მიმართ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

ა(ა)იპ ,,ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის“ დირექტორის მოადგილის ვერიკო ლაღიძის თქმით, ,,ეს არის საპილოტე პროგრამა, ვფიქრობთ რომ ჯერ მოსახლეობა უნდა მიეჩვიოს, ასევე შეიქმნას შესაბამისი გარემოც. დარწმუნებული ვარ მოსახლეობა დადებითად მოეკიდება ამ გამოწვევას, რადგანაც ყველას გვსურს სუფთა გარემოში ცხოვრება. მოკლე დროში გაიზრდება ურნების რაოდენობაც. სამწუხაროდ დღეს საკმარისი არც ნაგავმზიდი მანქანები გაგვაჩნია და არც შესაბამისი ნაგავსაყრელები. ყოველივე ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს მუშაობა“.