პარ. მარ 29th, 2024

ფოთში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებულებს წლის განმავლობაში ორჯერ უწევთ ერთსადაიმავე თანამდებობაზე დანიშვნის გამო განცხადების დაწერა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარეს და ქალაქის მერს წერილობით მიმართა სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ინგა გვასალიამ. გვასალიას მტკიცებით, უხეშ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე. „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში შემოსული ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტში არსებულ ბაგა-ბაღებში დასაქმებულებთან არ აფორმებენ შრომით ხელშეკრულებას და შრომით ურთიერთობას აგრძელებენ ბრძანების საფუძველზე, რამდენიმე თვით. აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მთელ რიგ დებულებებს, კერძოდ მე-6 მუხლის 1’ პუნქტის თანახმად: – „შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.“ ამავდროულად შრომის კოდექსი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების მინიმალურ ერთ წლიან ვადას მე-6 მუხლის 1’2 პუნქტის მიხედვით:
„გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;
დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას”.
განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებული გარემოებები სახეზე არ გვაქვს და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელობა ვალდებულია, დასაქმებულებთან დადოს მინიმუმ ერთწლიანი ხელშეკრულება, წერილობითი ფორმით.
თუმცა, დამატებით გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება – შრომითი ხელშეკრულება უვადოდ დადებულად ჩაითვლება, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითლება თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში (შრომის კოდექსი, მე-6 მუხლი). აღნიშნული წესი ვრცელდება 2013 წლის 4 ივლისის შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებზე. ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულება უვადოდ დადებულად ჩაითვლება 2014 წლის 4 ივლისიდან იმ დასაქმებულთან (პედაგოგთან, აღმზრდელთან), რომელთანაც შრომითი ურთიერთობა გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში; სხვა შემთხვევაში 2015 წლის 4 ივლისიდან (იხ. შრომის კოდექსის მე-6 მუხლის შენიშვნა). სწორედ ამ მუხლების გათვალისწინებით ვითხოვთ, მიზანშეწონილი იქნება, თუ ბაგა-ბაღის აღმზრდელები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშულ პირობებს, გაფორმდეს უვადო შრომითი ხელშეკრულება“.
ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორმა ნატო ესიავამ. მისი განმარტებით: ’’ბიუჯეტიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, 12 თვიანი მთლიანი ხელშეკრულება დავდოთ მათთან, რადგან არ ითვალისწინებს ბიუჯეტი იმ პერიოდში მათ დაფინანსებას. ადამიანი როდესაც არ მუშაობს, მას არ ეძლევა ხელფასიც. 15 ივლისამდე გვაქვს სამუშაო პერიოდი, 15 ივლისიდან 15 აგვისტომდე გვაქვს შვებულება და 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე ბაღები არ მუშაობენ. შესაბამისად, ეს პერიოდი ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. როგორ შეიძლება ადამიანს დაუდო ხელშეკრულება,როდესაც არ მუშაობს და ხელფასს არ აძლევ? ეს ალოგიკურია. რაც შეეხება ხელშეკრულებას, იურისტების განმარტებით ვიცი, რომ ბრძანება – განცხადება ხელშეკრულების ტოლფასია. ხელშეკრულებას ვდებთ ორჯერ 3 იანვარს და 15 სექტემბერს, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტში არის ასე გათვლილი. მე არ ვიცი სხვა ქალაქებში ხელშეკრულებას დებენ თუ არა ორჯერ, მაგრამ ვიცი, რომ 1 თვის ხელფასს არ აძლევენ“.
პროფკავშირები კი ამ საკითხის ასე დატოვებას არ აპირებს და ყველა კანონიერი საშუალებით ეცდება დასაქმებულთა უფლებების დაცვას.