ოთხ. აპრ 24th, 2024

“მუდმივად ცვალებად სამყაროში, ყველაზე ძლიერი და მყარი ბრენდები ისინი არიან, რომელთა საქმიანობაც გულიდან მომდინარეობს. მათი საფუძვლები უფრო ძლიერია, რადგან ისინი ადამიანის სულის ძლიერებას ემყარება და არა სარეკლამო კამპანიებს.” – ეს სიტყვები დავესესხე კომპანია “სტარბაქსის” დირექტორს ჰოვარდ შულცს, რათა გადმოვცე ბიზნესით დაკავებული ადამიანების დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ.

მსოფლიოში ბევრი ბიზნესმენია, რომლებმაც შეცვალეს სამყარო თავიანთი საქმიანობით, გააუმჯობესეს ადამიანების -ცხოვრება და უკეთეს პირობებში ცხოვრების საშუალება მისცეს მოქალაქეებს. სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესი ახორციელებს ინვესტიციას უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ეს არ წარმოადგენს მოკლე ვადიან ინვესტიციას, ესაა გრძელვადიანი გათვლა, რომელიც დროში თავად ახდენს რეალიზებას.

სამწუხაროდ, მსოფლიო ბიზნესმენების რიგებს ვერ განვაკუთვნებთ ფოთელი ბიზნეს წარმომადგენლების სოციალურ პასუხისმგებლობას. როგორც ფოთში მოქმედი ბიზნესმენების საქმიანობიდან იკვეთება მათი პირადი ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე საზოგადოებრივი საქმიანობა. თუმცა, მათ შორის არიან მცირე გამონაკლისებიც, ერთ-ერთი გახლავთ საქართველოში „ფრესკოს” დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენი და აკადემიკოსი ვასილ სოფრომაძე.

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” ქართულ ბაზარზე 2012 წლის იანვრიდან გამოჩნდა და დღეს ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესს წარმოადგენს.

„ფრესკო“ სხვადასხვა მიმართულებითაც ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას. იგი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებს. სოფრომაძის თაოსნობით ფოთში 1996 წლის დეკემბერში ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის „ნელი გეგეშიძის სახელობის ფონდი“ დაარსდა.

აღნიშნულ ფონდს რეგიონში ანალოგი არ ყავს. უკვე 22 წელია ფონდი ფოთში აჯილდოებს წარმატებულ პედაგოგებს და მოსწავლეებს სხვადასხვა სახის დიპლომებითა და ფულადი პრემიებით.

ფოთის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას განმარტებით ჩვენი თანაქალაქელის უპრეცენდენტო თანადგომამ და სიყვარულმა მომავალი თაობისა და წარსულისადმი, მეტი სტიმული მისცა მოსწავლეებს და პედაგოგებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ საქმიანობას და მეტად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები.
„გეგეშიძის ფონდი“ ყოველწლიურად წელიწადში ორჯერ – სასწავლო წლის დასასრულს და პედაგოგთა დღის აღსანიშნავად აჯილდოვებს წარმატებულ პედაგოგებს და კურსდამთავრებულებს. რესურსცენტრის ხელმძღვანელი იქვე განგვიმარტავს კანდიდატების შერჩევის მეთოდსაც:

„ფონდის მოთხოვნაა, რომ ფოთის ყველა სკოლაში, ყავდეს დასაჯილდოებელი მხოლოდ ერთი კანდიდატი. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ საჯარო სკოლებს სასწავლო წლის ბოლოს წარმოადგინონ სპეციალური კრიტერიუმებით შერჩეული თავიანთი სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებული. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას ჰყავს რამოდენიმე გამორჩეული მოსწავლე, პედაგოგიურ საბჭოზე განიხილავენ და მათგან შეარჩევენ მხოლოდ ერთს. არის ისეთი შემთხვევაც, რომ შეიძლება ერთ სკოლას ყავდეს 5 საუკეთესო მოსწავლე, მაგრამ სხვა სკოლას საერთოდ არყავდეს, ფონდის მოთხოვნიდან გამომდინარე მაინც უნდა შეირჩეს თითოეული მათგანიდან მხოლოდ ერთი“.

ხოლო პედაგოგების შემთხვევაში როგორც გავარკვიეთ ორ მნიშვნელოვან კრიტერიუმს- სტატუსს და შედეგს ექცევა ყურადღება. ამ უკანასკნელში იგულისხმება თავისი მოსწავლის შედეგები სასკოლო პერიოდში, ასევე გათვალისწინება ხდება პროფესიული განვითარების სქემის დროს, ტრენინგებში მონაწილეობას და აქტივობებს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით ბოლო ორი წელია ფონდის ინიციატივით, ჯილდოვდება ასევე ის პედაგოგები, რომლებიც სკოლაში უკვე აღარ ასწავლიან. ამ კატეგორიის პედაგოგებისთვის დააწესეს სპეცპრემია. სწორედ ამ სპეცპრიზით ყოველწლიურად ორ ღვაწლმოსილ პედაგოგს აჯილდოვებენ.

ქორქია სიამაყით აღნიშნავს, რომ:

„რამოდენიმე კვირის წინ, ვიყავი განათლების სამინისტროში, სადაც ხარისხიანი განათლების გაუმჯობესების პრობლემებსა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებაზე პრეზენტაცია წარვადგინეთ. ერთ-ერთ ნაწილში წარმოვადგინე ამ ფონდის მხარდაჭერა, სადაც გამოფენილი მქონდა საარქივო ფოტო მასალაც. სამინისტროში ამ ინფორმაციას მოჰყვა დიდი რეზონანსი და საამაყო იყო ჩემთვის, ის, რომ მხოლოდ ფოთში არის მსგავსი თანადგომა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მხრივ“.

„გეგეშიძის ფონდს“ დაარსების დღიდან ალექსანდრე დოლბაია ხელმძღვანელობს. მისი განმარტებით:

„ ყოველწლიურად, გაიცემა 1 პირველი ხარისხის დიპლომი და ფულადი პრემია 500 ლარის ოდენობით, მეორე ხარისხის დიპლომი და ფულადი პრემია 400 ლარის ოდენობით, მესამე ხარისხის დიპლომი და ფულადი პრემია 300-300 ლარის ოდენობით და დარჩენილ უფრო დაბალი მაჩვენებლების მქონე კურსამთავრებულებზე და პედაგოგებზე – დიპლომები და ფულადი პრემიები 100-100 ლარის ოდენობით. ფონდი ასევე არ ივიწყებს ფოთელ პენსიონერ პედაგოგებს და წლების მანძილზე გაწეული აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში გამორჩეული წვლილისთვის აჯილდოვებს სპეციალური პრემიებითა და დიპლომებით“.

ჩვენ გავესაუბრეთ „გეგეშიძის ფონდის“ ნომინანტ პედაგოგებსა და კურსდამთავრებულებსაც. ყველა მათგანი საუბრისას დიდ კმაყოფილებას და სიხარულს გამოთქვამდა. მათი თქმით: „ინტერესით ველოდებით ყოველ წელს პედაგოგის დღის აღნიშვნასა და სასწავლო წლის დასრულებას, რადგან ეს ჩვენთვის დიდი ზეიმია. ფონდი ერთგვარ სტიმულს გვაძლევს, რომ უკეთ წარმოვაჩინოთ თითოეულმა ჩვენი თავი. მართლაც, რომ უდიდეს საქმეს აკეთებენ ფოთელი პედაგოგებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის. მადლობა მათ ამისთვის.“

„გეგეშიძის ფონდის“ გარდა „ფრესკო“ სხვა მიმართულებითაც ახორციელებს საქმიანობას. 2014 წლის აგვისტოში, დაარსდა „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“.

როგორც „ფრესკოს“ მენეჯერი თამარ აბსანძე განგვიმარტავს ბიზნესმენი წლების განმავლობაში აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას. მისი თქმით „ვასილ სოფრომაძე, როგორც ბიზნესმენი გამორჩეულია თავისი შეხედულებებით და სტრატეგიით. მისი მიზანია ქართველმა ხალხმა დაკარგოს სიღარიბის განცდა, შეიქმნას კიდევ მეტი სამუშაო ადგილი, მხარში დაუდგეს შეჭირვებულ ადამიანებს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს განვითარებასა და გაძლიერებაში და მისცეს ხალხს სტიმული უკეთესი ცხოვრებისთვის, რაც ასე აკლია ქართულ საზოგადოებას. იმის გამო, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სათანადო დახმარებას, იგი მუდმივად გრძნობს პასუხისმგებლობას იმ მოქალაქეების მიმართ, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დახმარების ხელის გაწოდება“- გვითხრა მენეჯერმა და იქვე დაგვიკონკრეტა, რომ კომპანია თანამშრომლების მიმართაც იჩენს ყურადღებას:

„კომპანია ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტებით და ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებლებისთვის დაბალი ფასების ფონზე შექმნას სანდო გარემო,იყოს კონკურენტუნარიანი და დაიკავოს ქართულ ბაზარზე დომინირებული ადგილი. კომპანია მუდმივად ქმნის სამუშაო ადგილებს. უფასო კვებით უზრუნველყოფს მომსახურე პერსონალს. ატარებს სხვადასხვა სახის წამახალისებელ აქტივობებს კომპანიაში მომუშავე თანამშრომლებისთვის“.

აბსანძესთან საუბრისას როგორც გავარკვიეთ “ფრესკო’’ ერთადერთი სუპერმარკეტია, რომელმაც დაარსა საქველმოქმედო ფონდი და უკვე მეხუთე წელია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქტივობებს. შესაბამისად, იგი თავისი არსით წარმოადგენს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას.

,,ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი’’-ს ძირითადი მიმართულებებია დაეხმაროს: მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს; მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს; მოხუცებულთა თავშესაფრებს; ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს და ასევე ახდენს სასწავლო პროგრამების დაფინანსებას.

როგორც ფონდში გვითხრეს – ფონდმა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი საქველმქომედო აქტივობა განახორციელა და დაეხმარა: 600-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს; 600-მდე მზრუნველობა მოკლებულ მოხუცს; 300-მდე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს; დაფინანსდა არაერთი სტუდენტის სწავლა; პერიოდულად ეხმარება პენსიონერთა კავშირს; ფინანსდება უფასო სადილი მოხუცებულთათვის; გამართა საქველქმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხები, სოფრომაძის პირად შემოწირულობასთან ერთად, სრულად მოხმარდა 18 წლის მიშიკო სხვიტარიძის საზღვარგარეთ ოპერაციასა და მკურნალობას, რისი საშუალებითაც მოზარდს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

ინგა გვასალია
ფოთი