ოთხ. აპრ 24th, 2024

ფოთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მეტალურგიული ქარხნის შპს ,,მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“-ს ყოფილი თანამშრომლის ამირან გამზარდიას მიერ ამავე კომპანიის წინააღმდეგ წამოწყებული შრომით დავასთან დაკავშირებული სარჩელი.
მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციამ ამირან გამზარდია მიმდინარე წლის 15 აპრილს შრომის შინაგანაწესისა და შრომის კონტრაქტის დარღვევის საფუძვლით გაანთავისუფლა სამსახურიდან. ამირან გამზარდიას მტკიცებით კი, ადმინისტრაციის ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან ცვლის უფროსის მიერ მოყვანილ ფაქტთან მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის. როგორც მან გვითხრა: `ჩვეულებრივად დავიწყეთ მუშაობა. გავამზადე ყველაფერი, რაც მევალებოდა. ზარი მომცეს და წამოვიდა ლავა, წავიდა სესეემში, შემდეგ როგორც თქვეს, რაღაც აფეთქდა და დააბრუნეს უკან. მერე ისევ ხელმეორედ გავამზადე, მაგრამ მეორედაც რაღაც მიზეზების გამო დასაბრუნებელი გახდა, მესამედ დილის საათებში ისევ გავამზადე ქვაბი ლავის მისაღებად და ცოტა ხნის მერე წამოვიდა ლავა. ჩემგან არანაირი შეფერხება არ ყოფილა ისე ვანაში გადავიდა. იმ საღამოს ჩვეულებრივად ჩავაბარე ცვლა. არავის არაფერი უთქვამს ზარალის შესახებ. მეორე ცვლაში მისვლისას კი, სამსახურში არ შემიშვეს, ჩემი საშვი დაბლოკილი იყო. მითხრეს, რომ საწარმოსთვის ზარალის მიყენების გამო განთავისუფლებული ვიყავი და თან მომცეს განთავისუფლების ბრძანებაც. მიმაჩნია, რომ არაფერში მიმიძღვის ბრალი და რასაც მედავებიან, მე არ მეხება. ვთვლი, რომ სასამართლომ უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა ჩემს მიმართ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ, გავასაჩივრებ და სამართალს მაინც ვიპოვი”.
გამზარდიას მისი სამსახურიდან განთავისუფლების მოტივად სხვა გარემოება მიაჩნია, რადგან ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც 2013 წლის გაფიცვაში მონაწილეობდა და დღემდე შემორჩა საწარმოში.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოპასუხის მიერ სასამართლო პროცესებზე მოყვანილ სამივე მოწმეს მომხდარში ამირან გამზარდია არ დაუდანაშაულებია. გამზარდია სასამართლო პროცესზე ნაცდურის ანაზღაურებასა (3300 ლარის ოდენობით) და სამსახურში აღდგენას ითხოვდა. თავის მხრივ კი ადმინისტრაცია ზარალის ანაზღაურებას (დაახლოებით 5 ათას ლარამდე). გამზარდიას იცავდა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი, იურისტი ხათუნა ბურჯანაძე. როგორც მან გვითხრა: „ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, გაუგებარია რას დაეყრდნო მოსამართლე, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა. მიმაჩნია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება უსამართლოა. საქმეში არსებობდა ყველა ის მტკიცებულება და დოკუმენტი, რომელიც იძლეობა იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. სამივე მოწმემ ჩვენება მისცა ჩვენს სასარგებლოდ, არც ერთ მათგანს არ დაუდანაშაულებია გამზარდია მომხდარში. გამზარდიას განთავისუფლების ბრძანების საფუძველი გახლავთ ცვლის უფროსის ქორქიას მოხსნებითი ბარათი, სადაც წერია, თითქოს გამზარდიას ბრალი მიუძღვის იმაში, რომ მატერიალური ზარალი მიადგა საწარმოს, რადგან სარქველი არ გაიხსნა. მოწმემ კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სარქველი გაიხსნა. გამოდის, სასამართლო პროცესზე საწინააღმდეგო ჩვენება მისცა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსამართლემ ამაზე ყურადღება არ გაამახვილა. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ ვიდეო კადრები, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. ძალიან ბევრი საფუძველი და მიზეზია, ვიფიქროთ, რომ სასამართლო გამზარდიას უსამართლოდ მოექცა. ამ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გავასაჩივრებთ“.
ადვოკატმა ასევე გვითხრა, რომ მოსამართლეს წარუდგინა უამრავი მტკიცებულება, რითაც ამირან გამზარდიას უდანაშაულობა დასტურდებოდა, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, მოსამართლემ თეა ბერაიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მეტიც, მოსამართლემ ისე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომ მხარეებს არც კი განუმარტა, რაზე დაყრდნობით მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე თვლის, რომ ფოთში არ უნდათ, დაუშვან შრომითი დავის დასაქმებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრეცედენტი: ,,ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა ბერაია იყო ძალიან ტენდენციური. აშკარაა, რომ ფოთის რეალობაში არ აწყობთ იმ პრეცენდენტის დაშვება, რომ დასაქმებულმა სასამართლო მოუგო დამსაქმებელს. 2013 წლიდან საწარმოდან ჯგუფ-ჯგუფად გაანთავისუფლეს ადამიანები გაფიცვის ორგანიზებისთვის და პროფკავშირის დაფუძნებისთვის. გამზარდია და მასთან ერთად განთავისუფლებული იყო ბოლო ადამიანი, რომლებიც 2013 წლის გაფიცვაში მონაწილეობდნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადმინისტრაციამ სწორედ ამ ნიშნით შეარჩია ისინი და ამიტომ გაანთავისუფლა. მართალია, მოსამართლემ გამოიტანა უსამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირული ორგანიზაციის იურიდიული სამსახური ბოლომდე დაიცავს გამზარდიას შრომით უფლებებს და როგორც კი 25 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაგვბარდება, ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში“.
მოპასუხის ადვოკატი დავით კვიციანი კი ჩვენთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „გამზარდიამ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა დაარღვია უხეშად. ვალდებულების უხეში დარღვევის გამო არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი“. ჩვენ თვალს მივადევნებთ ამ საქმის მიმდინარეობას და როგორ დასრულდება გამზარდიას უფლებების არღგენისთვის სასამართლო პროცესი, შემდეგ ნომრებში გაგაცნობთ.