ხუთ. აპრ 25th, 2024

ჯემალ გერსამია წლებია იბრძვის და გული შეტკივა ფოთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. იგი მწვავედ განიცდის ფოთის პორტის გასხვისებისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. იგი არაერთხელ, არაერთი სტატიით ეცადა ხალხისთვის, პოლიტელიტისთვის მიეწვდინა ხმა. დიდი ხანია ითხოვს, ფოთში აშენდეს ალტერნატიული პორტი, რომლის მთლიანი შემოსავალი დარჩება ქალაქს და მოხმარდება მის განვითარებას. რამდენად პერსპექტიული და რენტაბელურია მეორე პორტი პატარა ქალაქში იმ ფონზე, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და იმის ფონზე, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 2016 წლის პირველ კვარტალში და 2015 მეოთხე კვარტალთან შედარებით, პორტებში ტვირთის გადამუშავება 0,7 პროცენტით შემცირდა. ფოთის პორტმა 2015 წელს 8,6 მილიონი ტონა ტვირთი თუ გადაზიდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 6,8 ტონამდე, ხოლო ბათუმის პორტში 6,3 მილიონი ტონიდან, 5,7 ტონამდე დაეცა. არც მომდევნო წლები გამოირჩევა საუკეთესო მაჩვენებლებით. ამ მონაცემების მერე ცოტა ნიჰილისტურადაა საზოგადოება განწყობილი ამ პროექტის მიმართ.

ჯემალ გერსამია მიმართავს საქართველოს მთავრობას და სთავაზობს მას, გამოყენებულ იქნას ის გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური საშუალებები, რაც გააჩნია საქართველოს: „ეს არის ახალი, ღრმა წყლიანი ნავსადგურის, კასპიისა და შავი ზღვის შემაერთებელი არხის მშენებლობა, რომელიც გახდება ბაზა გაზრდილი სავაჭრო ბრუნვისა შუა აზიის ქვეყნების, ევროპისა და საქართველოს ნაციონალური ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. ახალი მთავრობა და ახალი პრემიერ მინისტრი, რომელიც სატრანზიტო ურთიერთობების სისტემების სპეციალისტი გახლავთ, მჯერა, შეძლებენ სათანადო მომზადების შემთხვევაში, დაიწყონ ამ პროექტზე მუშაობა, რომელიც ქვეყანაში მრავალ ათასიან სამუშაო ადგილს შექმნის და გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას“- ამბობს გერსამია, რომელსაც პორტში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის საკმაო გამოცდილება გააჩნია.

გერსამია თავის მიმართვაში ასევე საუბრობს ფოთის პრიორიტეტულ მდგომარეობაზე. უცვლელად გთავაზობთ მის მიმართვას. „ ჩვენ ვთავაზობთ ახალ ხელისუფლებას ერთადერთ საშუალებას ამ მძიმე სიტუაციიდან ქვეყნის გამოსაყვანად. ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო საზღვაო ქვეყნის ადგილი რომ დაიმკვიდროს, აუცილებელია, სრულფასოვნად გამოყენებულ იქნას ის გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც ღმერთმა მიანიჭა საქართველოს, ჩვენს ქალაქს, როგორც საკვანძო ადგილი დიდი აბრეშუმის გზისა. ამ გზის შესახებ ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან გვაქვს ცნობები. ასაშენებელია ახალი ალტერნატიული ნავსადგური. კასპიის და შავი ზღვის შემაერთებელი კორიდორი გახლავთ არხი ფაზისი და ღრმად მწამს, რომ ამ არხთან ახლოს მყოფი ქვეყნები სიამოვნებით ჩაერთვებიან ამ იდეის განხორციელებაში, რაც ამ ქვეყნებსაც მოუტანს შემოსავალს. ჩვენს პროექტს გააჩნია შორს მიმავალი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მიზნები, რაც გულისხმობს ვაჭრობის და საზღვაო ტრანზიტს ევრაზიაში, ასევე ახალ ენერგეტიკულ პროექტებს, აგრეთვე საშულება ექნებათ შუა აზიის ქვეყნებს ზღვაზე გასასვლელად, რაც საშუალებას მისცემს ამ რეგიონს განვითარების მანამდე არნახულ დონეს მიაღწიოს. არხი ფაზისი გახდება მძლავრი TRACECA- ს კონკურენტი, სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნები დაიწყებენ ალტერნატიული გზების ძიებას ზღვაზე გასასვლელად“.

იგი იმასაც გვეუბნება, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ამ მიზნის მისაღწევად: “ მოგახსენებთ, მთავარი პირობა არის ის, რომ საქართველომ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, ანუ თავი ნეიტრალურ მხარედ. ეს პირობა გახლავთ საკმარისი იმისათვის, რომ აზიასა და ევროპას შორის დაიწყოს მძლავრი, კოლოსარული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. გასაგებია ერთი რამ, საკვანძო ადგილი ამ დიდ პროექტში იქნება საქართველო და ქალაქი ფოთი, სხვა დამოუკიდებელი სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გადის, ბუნებაში არ არსებობს. ეკონომისტებმა უნდა გააანალიზონ ყარსი-ახალქალაქის მარშრუტის რენტაბელურობა საქართველოსთვის, რომელიც წამგებიანია ჩვენი ქვეყნისათვის. ძირითად მოგებას ყარსი-ახალქალაქის პროექტიდან მხოლოდ თურქეთი მიიღებს. დღესდღეისობით საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მცირდება და თუ არ იქნა მიღებული გადამწყვეტი ზომები, მისი პოტენციალი კიდევ უფრო დასუსტდება და საქართველო თურქეთის ტრანზიტის ინტერესებს დაექვემდებარება. ჩვენი ქვეყანა იქნება სატრანზიტო ქვეყანა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის და არა სატრანზიტო ქვეყანა ევროპასა და აზიისა”.

როგორც გერსამია ჩვენთან საუბრისას ამბობს მის მიმართვაზე ჯერჯერობით ხელისუფლებისგან არანაირი პასუხი არ მიუღია.

ფოთის პორტის ყოფილი მთავარი ინჟინერი როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს პორტის გასხვისების შემდეგ ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. იგი არაერთი გზით შეეცადა პორტში შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებას.

– პორტის ნგრევის პროცესები დღესაც გრძელდება, რამაც გამოიწვია ქალაქის ჩამოშლაც, ხალხი დარჩა უმუშევარი, რადგან პორტი ფოთის მამოძრავებელი ძალა გახლდათ და იგი პორტის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ჯერ გაშენდა პორტი და მერე ქალაქი – პორტ ფოთი. მოვიძიე სპონსორები, რათა ჩემი ხედვით და გამოცდილებით შემექმნა ალტერნატიული პორტი. საჭირო იყო მხოლოდ საქართველოს მთავრობისგან თანხმობა. ეს იყო 2016 წელს, ივანიშვილის პრემიერ -მინისტრობისას. ჩამოვიდა საქართველოში ინვესტორი, რომელიც სრულიად აფინანსებდა ამ კონცეფციას. როდესაც ჩამოვაყალიბე გაერთიანება „ოლკომი“, იგი შეხვდა ივანიშვილს, რომელსაც მოეწონა იდეა და შემდეგი ნაბიჯებისთვის სხვადასხვა თანამდებობის პირებთან დააკავშირა. სამწუხაროდ, მთავრობისგან ნებართვა ვერ მივიღეთ. მერიაში, საკრებულოში, ნავსადგურში, მთავრობაში ისეთი ადამიანები სხედან, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროექტის განხორციელებას და ამის ფონზე ქალაქის საპატიო მოქალაქედ ირჩევენ პორტის დანგრევაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელს დევი გვალიას. სანამ ისეთი მთავრობა არ მოვა, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის მომავალზე, განვითარებაზე, არ განხორციელდება ეს პროექტი, რომელიც უამრავ სამუშაო ადგილს შექმნის არამარტო ფოთში. ეს იქნება რეგიონული პროექტი, სენაკის და ხობის ქვის კარიერებით. თუმცა, ამის ფონზე დაიწყეს ანაკლიის პორტის მშენებლობა. იმ ადამიანებმა, ვისაც ფულის გაკეთება უნდოდათ – ხაზარაძე, კვირიკაშვილმა გამოიყენეს ამერიკის მთავრობა, სამხედრო ბაზის აშენების კონცეფციით. შავ ზღვაზე ყველაზე დიდი ადგილი თურქეთს უკავია, ამის შემდეგ საქართველოს და მიმდინარეობს დავა ვინ დაეპატრონება რუსეთი, თურქეთი თუ ამერიკა.

– დავუბრუნდეთ თქვენს მიერ შემუშავებულ კონცეფციას, რას ითვალისწინებს, როგორ წარმოგიდგენიათ ერთ თან პატარა ქალაქში ორი პორტი და რამდენად რეალურია თქვენი იდეა?

-არსებული ნავსადგურიდან დაწყებული „მაიაკის“ შუქურამდე მოიცავდა ჩემს მიერ შემუშავებული გეგმით ახალი პორტის მდებარეობა. 350 მეტრით შევდიოდი ზღვაში იქ, სადაც ყველაზე ღრმაწყლიანი რიონის შესართავია. ეს იქნებოდა მსოფლიო სტანდარტების დონის ღრმაწყლიანი პორტი. იდეის გახმაურებისთანავე მოვიდა იმდროინდელი ნავსადგურის ხელმძღვანელი, რომელსაც აინტერესებდა მართლა ვაკეთებდი თუ არა ახალ პორტს. ჩემგან დადებითი პასუხი რომ მოისმინა, მითხრა- ჩემს პორტს რა ეშველებაო. ამ დროისთვის მთავრობისგან პასუხი არ ვიცოდი, მაგრამ ველოდებოდი დადებით პასუხს. ვუთხარი, გამოსავალი მოიძებნება, თუ დათანხმდები ჩემს წინადადებას, არ გავაშენებ ახალ ნავსადგურს- მეთქი. წინადადება კი შემდეგი გახლდათ – დიდი გემები ვერ შემოდიან პორტში, მე გავაკეთებ მოლს, სადაც გემების შესასვლელი არხია, გავხსნი რკალს, რომ მეტად დაღრმავდეს და იქნება ღრმაწყლიანი მსოფლიო დონის პორტი- მეთქი. ის დაინტერესდა ამ შეთავაზებით და გაემგზავრა თბილისში, სადაც “დაპირდნენ” – გააგრძელე შენი საქმე, გერსამია ვერაფერს განახორციელებსო.

ფოთი ამ პროექტის მეშვეობით ეკონომიკური დედაქალაქი გახდებოდა. მილიონ ნახევარი დოლარი სჭირდებოდა პროექტის განხორციელებას, კეთდებოდა ასევე ბანკი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ქარხნები, ზღვის ნაპირგასამაგრებელი სამუშაოებიც შედიოდა გეგმაში, ასევე საბავშვო ბაღების მშენებლობა, დაფინანსება, ერთ-ერთი ძლიერი ქალაქი გახდებოდა. მხოლოდ ვითხოვ თანხმობას მთავრობისგან და ექვს ბრძანებას, რომელიც 5-6 წელიწადში დასრულდება. ასეთ პროექტზე თქვა უარი საქართველოს მთავრობამ.