პარ. მარ 29th, 2024

ექიმი მანანა ლომაძე 1962 წელს დაიბადა. სამედიცინო ინსტიტუტი მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში დაამთავრა. სწავლის პერიოდშივე დაქორწინდა თემურ ლომაძეზე, რომელიც ექიმ-ტრამვატოლოგი გახლავთ. Eექიმ წყვილს ორი შვილი ჰყავთ, რომლებიც ოჯახის ტრადიციას არ არღვევენ და მომავალი ექიმები არიან, ასევე ყავთ ერთი შვილიშვილი, რომლის მომავალ პროფესიაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, მაგრამ ალბათ ტრადიციას არ დაარღვევს.

მანანა ლომაძემ ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა ფოთის სასწრაფოში დაიწყო. შემდეგ 1 პოლიკლინიკაში ნევროლოგად გადავიდა, სადაც 23 წელი იმუშავა. პოლიკლინიკიდან რამდენიმე წლის წინ წამოვიდა, რაზეც საუბარი არ უყვარს. პარალელურად სასწრაფოს ექიმიც გახლდათ და გასული წლის ავადმოსაგონარი ავტოკატასტროფის დროს მიღებული ტრამვის გამო მოუწია ამ სამსახურის მიტოვება. ამ ავტოკატასტროფის დროს სასწრაფოს საგზაო შემთხვევაში დაშავებული პაციენტი ფოთის საავადმყოფოში გადმოყავდა, გზაში თავად მოხვდა კატასტროფაში, რის დროსაც პაციენტი დაიღუპა. ცხოვრების ეს ეპიზოდი ძალიან მძიმე მოსაგონარია ექიმისთვის. ამჟამად კლინიკა `იკამედში~ მუშაობს და როგორც ამბობს, ყველა პირობა აქვს პაციენტებს მაღალკვალიფიციურად მოემსახუროს: `აქ ვმუშაობ მშვიდად, კომფორტულად, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანაირი სამუშაო პირობა მაქვს, რაც ექიმს პაციენტთან ურთიერთობისათვის ჭირდება. პროფესია ძალიან რთულია, ყველა პაციენტი ინდივიდუალურია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაზრდილია პაციენტთა რაოდენობა და ძალიან მაწუხებს, რომ გაზრდილია ახალგაზრდების მომართვიანობა. პაციენტთა უმრავლესობას ნევროზი აქვს”.

ექიმი წუხს, რომ ექიმის მიმართ შეიცვალა მინდგომა, პაციენტები აგრესიულნი გახდნენ: ,,ექიმიც ადამიანია და არა რობოტი. შვებულებაში როდის ვიყავი, უკვე აღარ მახსოვს. ოჯახში ორი ექიმი ვართ და სახლში როდის შევდივართ, ვინ იცის. ჩემი ქალიშვილი მომავალი ექიმია, ერთი მხრივ მიხარია, რომ ტრადიციას აგრძელებს, მაგრამ არ მინდოდა ექიმი გამხდარიყო, ეს იმდენად რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა~. როგორც ქალბატონი მანანა ამბობს, ექიმისთვის ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი გამოჯამრთელდება და მკურნალობა შედეგიანი აღმოჩნდება. ამ მხრივ განსაკუთრებული მოგონებები სასწრაფოში მუშაობის პერიოდს უკავშირდება: ,,მძიმე პაციენტს მდგომარეობიდან რომ გამოიყვან და გადაარჩენ, ეს ჩემი აზრით, ყველა ექიმისათვის ბედნიერებაა. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, როცა პაციენტი ამბობს – კარგად ვარო და მადლობას გიხდის. ალბათ ასეთმა დაძაბულმა ცხოვრებამ მოიტანა, რომ აგრესიულები არიან პაციენტები, მაგრამ ყველაფერი ცუდი ადრე თუ გვიან მთავრდება და ჩვენი ხალხიც დაიბრუნებს ჩვეულ ზრდილობას და უფრო ჯანმრთელებიც იქნებიან~,

მისი კარგი და ცუდი მოგონებები სასწრაფოში მუშაობას უკავშირდება. ორჯერ სასწრაფო მანქანით მოყვა ავარიაში. პირველად არ დაშავებულა: `როგორც კი გადმოვედი მანქანიდან, მაშინვე გამვლელი მანქანა გავაჩერე და ნაბადაში პაციენტთან წაყვანა ვთხოვე, დღესაც არ ვიცი, ვინ იყო ის პიროვნება, მაგრამ ნამდვილად გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მეორე ავარია, როდესაც გრიგოლეთში სამარშუტო ტაქსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, ერთ-ერთი დაშავებლი მოგვყავდა ჩვენ, როდესაც კრიმინალური პოლიციის მანქანა დაგვეჯახა. მძიმე იყო იმითაც, რომ თავად ძალიან დავშავდი და სამწუხაროდ პაციენტიც დაიღუპა. კურიოზიც მრავლადაა ამ პროფესიაში, როდესაც მიდიხარ, ხშირად დედის გინებით გხვდებიან და `შენ გენაცვალეთი~ გაცილებენ”.

2008 წლის ომის დროს, ფოთის დაბობმვის ღამეს მორიგე და ბრიგადის უფროსი იყო: `ყველაფერმა ჩემს თვალწინ და ჩემს თავზე გადაიარა. მთავარმა ექიმმა ლევან კაკულიამ მადლობაც კი გადამიხადა მუშაობისათვის”.
მანანა ლომაძის აზრით ექიმის პროფესია დაუფასებელია მინიმალური ხელფასით და მაქსიმალური პროფესიონალიზმით. ამ ადამიანებსაც სჭირდებათ მოფერება, რომ შეინარჩუნონ ნერვები – `ყველაფერს აქვს ზღვარი, ძალიან ცუდ დღეში ვართ ექიმები”- ამბობს ნერვოპათოლოგი.

მანანა ლომინაძე უკვე 28 წელია ემსახურება პაციენტებს და ხუმრობს ხოლმე – ,,ჩაქუჩის გარეშე არ შემიძლია”.