შაბ. აპრ 20th, 2024

ჩვენს დღევანდელ რუბრიკას აგრძელებს ქალბატონი, რომელმაც შეძლო სრულ ჰარმონიაში მოეყვანა კარიერა და ოჯახური ცხოვრება, რაც, ვფიქრობ, მისი უდიდესი პასუხისმგებობის გრძნობის დამსახურებაა. ქალბატონი ჯული ქილიფთარი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული, ამავე დროს უახლოესი წრისთვის ნაცნობი, ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ადამიანია. ოჯახში მოფუსფუსე, მოსიყვარულე დედა და მეუღლე. ძალიან უბრალო, მოწესრიგებული და უბადლო მოსაუბრე.

„ლანჩხუთში დავასრულე პირველი სკოლა- გიმნაზია წარმატებით და სწავლა გავაგრძელე სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის მენეჯმენტის კუთხით. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა დავოჯახდი. უნივერსიტეტის დასრულების დროს მეორე ბავშვს ველოდებოდი. ვიყავი ოჯახში ბავშვების აღზრდით დაკავებული აქტიურად. სამი შვილი მყავს, პირველი შვილი სტუდენტია, შუათანა სკოლას წელს ამთავრებს ოქროს მედალზე, მესამე კი მეშვიდე კლასშია. მესამე შვილი რომ შევიყვანე საბავშვო ბაღში, დავიწყე ფიქრი, რომ უნდა ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მანამდე არც მიფიქრია რადგან ჩემთვის ბავშვების აღზრდა პრიორიტეტი გახლდათ და არის, რა თქმა უნდა. სამსახური დავიწყე საოფისე პროგრამებით. როდესაც დავფიქრდი, სად ვხედავდი ჩემს თავს, იყო ბუღალტერია. საბუღალტრო კურსები არ გამივლია, ნიკორაში გამოცხადდა ვაკანსია და დავიწყე მუშაობა 2008 წელს. ეს გახლდათ ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება. სამსახურის პარალელურად ვსწავლობდი ბიზნეს სკოლაში. ვცდილობდი გამევლო კურსები, რომელიც პროფესიულად გამზრდიდა და შემძენდა მეტ ცოდნასა და კვალიფიკაციას ამიმაღლებდა. ერთგვარი დაკარგული დროის ანაზღაურება იყო ჩემი მხრიდან. ამ პერიოდში გამოცხადდა ვაკანსია შემოსავლების სამსახურში, გავიარე გასაუბრება ტესტირება წარმატებით და შემდგომ სწავლება გავიარე პოლიციის აკადემიაში სამი თვით. ძალიან რთული იყო იქ სწავლა იმ კუთხით, რომ სამხედრო რეჟიმში გვიწევდა ცხოვრება, დილით მოწყობა, სალამი, სპეციალური ფორმა, ქუდი. ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო იყო. ხშირად მენატრება იქ გატარებული პერიოდი. ხშირად ვამბობ, რომ მამაკაცებისთვის სავალდებულოა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა, ქალებისთვისაც კი კარგი იქნებოდა, რადგან ვთვლი, რომ ყველა ადამიანისათვის საინტერესო, გამომცდელი იქნებოდა სამხედრო ცხოვრებით ცხოვრება, იქაური წესები, წესრიგი.

ეს ყველაფერი ხელს გიწყობს, ცხოვრება სხვა მხრით დაინახო და დროის ფასს სწავლობ უმეტესად. ათვიცნობიერებ, ცხოვრებისგან რა დავალებები გაქვს მიღებული და ზოგადად, აწესრიგებს ადამიანის ცხოვრებას. ამის შემდეგ მუშაობა დავიწყე ოფიცრად, რეგიონული ცენტრი იყო ადრე ეს სამსახური, მოხდა რეორგანიზაცია. ვიყავი კამერალურ შემოწმებაში, შემდეგ გადავიდა ქუთაისში და დიდი ორჭოფობის მერე გადავედი ქუთაისში მეც, აუდიტის განყოფილებაში ვმუშაობდი. 5 თვის შემდგომ ცენტრალიზება თბილისში მოხდა. გადავედი. სადაც ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი აუდიტის სამსახურში. გაუსაძლისი იყო ასე ცხოვრება – მე თბილისში, ჩემი ოჯახი ფოთში. ამიტომ გადავწყვიტე ფოთში დაბრუნება და მთავარ ბუღალტრად დავიწყე მუშაობა „პრაიმ ბეტონში“. 2013 წლიდან დღემდე კი ვმუშაობ შემოსავლების სამსახურის სერვისების ცენტრის ხელმძღვანელად. ყველანაირად ვცდილობ, აქ მომუშავე თითოეულ ადამიანს კომფორტული გარემო შევუქმნა, ურთიერთობა ძალიან კარგი და მეგობრული გვაქვს. საბუღალტრო სფეროში მუშაობის გამოცდილებამ გამიადვილა მუშაობა აქ მომუშავე ბუღალტრებთან და ხშირად მეუბნებიან კიდეც – როგორ გესმის ჩვენიო. არის ტერმინოლოგია, რომელიც საერთოა და გამოყენებადი არის დღესაც ამ პოზიციაზე. ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე ჩვენს „გადამხდელს“ უარყოფითად შეეფასებინა ჩვენი მუშაობა. პირიქით მადლობის წერილებიც კი დაუტოვებით. ცხოვრებაში არის ეტაპები, როდესაც ხვდები ისეთ ადამიანებს რომლებიც მუდამ შენთან რჩებიან და მერე მთელი ცხოვრება მოგყვებიან. ასეთები არიან ჩემი ია, ზაზა, რომლებმაც ბავშვობის სურვილები, განცდები გამიცოცხლეს. მადლობა უფალს რომ შინაგანად მაქვს ნება თუ ნიჭი ადამიანებს ელემენტარული ყურადღება მივაქციო, გავითავისო მათი გასაჭირი. მაბედნიერებს, როცა ვინმეს ვეხმარები. ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ვარ ფონდ, “ქველმოქმედი-2015”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

-როგორ შეათავსეთ ოჯახი და კარიერა. რისი დათმობა მოგიხდათ?

-მთავარი ნებისმიერ დროს ოჯახია, ძალიან რთული იყო ის პერიოდი, როდესაც მე თბილისში ვიყავი და ჩემი ოჯახი აქ. ბავშვებთან გამუდმებულ სატელეფონო რეჟიმში ვიყავი ჩართული. დღესაც შუადღეს, შესვენების პერიოდში, მათთან ვიყო, ნაბოლარას გავუარო სკოლაში, წამოვიყვანო, ვისადილოთ ერთად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერზე მეტი ღირებული ჩემთვის ოჯახია და დრო, რომელიც ოჯახისგან შორს გავატარე ძალიან მტკივნეულია. დიდ დათმობად ჩავთვლი ჩემს ცხოვრებაში იმ დროს, რომელიც, კარიერას, სამსახურს, დავუთმე. ცხოვრებას, თავისი, ეტაპები გააჩნია და ალბათ ეს ის ეტაპი იყო, როდესაც ყველას ერთად უკეთესობისთვის მიგვეღწია.

-წარმატებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯები…

-მახსენდება, პირველად რომ მივედი სამსახურში, ფინანსური მენეჯერი იყო ვალერი ახალაია, ვინც გამესაუბრა. მახსოვს, მან ისეთი მაგალითი მითხრა, თითქოს სახალისო, მაგრამ ჩასაფიქრებელი. ძალიან დიდი ცოდნა მივიღე ნიკორაში მუშაობის პერიოდში, მთელი დასავლეთის ბუღალტერია მანდ კეთდება და აუდიტშიც რომ დავიწყე მუშაობა, უამრავი საბუთი შემოდიოდა, ზღვა მასალა. ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, მე თვითონ ვამუშავებდი ერთ თვეში უპრობლემოდ. ნიკორას ამ გამოცდილებამ სხვა სამსახურებში მეტი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალება მომცა, სირთულეების არ მეშიანია ცხოვრებაში…. .

– დევიზი, რითაც ხელმძღვანელობთ ცხოვრებაში…

-ძირითადად, ჩემი სახელმძღვანელო პრინციპია მუშკეტერების პრინციპი – ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის. ამ სამსახურში ძალიან პროფესიონალი თანამშრომლები მყავს, ერთიანი გუნდი ვართ. მათ აქვთ ჩემი იმედი და მე მათი. ყველანაირად ვცდილობ, სამსახურში შევქმნა კომფორტული სივრცე, სადაც თავს კარგად იგრძნობენ. ძალიან მეგობრულად ვმუშაობთ. მიმაჩნია, რომ მეგობრულ და ნორმალურ გარემოში საქმეც უფრო ხარისხიანად კეთდება.

– მოგონება, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ…

-ჩემი ცხოვრების წარუშლელი, მწარე და ტკივილიანი მოგონება მამაჩემის გარდაცვალებაა. 13 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ტკივილი ისევ ისეთია. დამრჩა მისგან უამრავი შეგონება, დარიგება, რომელიც სულ მახსოვს და ხშირად გამომდგომია მისი დარიგებები. მამამ დამიტოვა ცხოვრების შეცნობის უნარი. დამიტოვა ოჯახური ტრადიცია, რომელიც აერთიანებს ოჯახს, თბილსა და ყურადღებიანს, მყუდროს ხდის მას, მაგალითად ერთად სადილობა. მახსოვს, პატარები როცა ვიყავით, ველოდებოდით მამიკოს მოსვლას და მერე მივირთმევდით, დღესაც ასე ვარ – მიყვარს ოჯახური, მყუდრო გარემო. ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთმა პიროვნებამ დიდი კვალი დატოვა – ბიზნეს სკოლაში სწავლის პერიოდში აკაკი სონგულიამ, რომელიც იმ დროს საგადასახაოდოს ხელმძღვანელი იყო, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როდესაც გავდიოდით საგადასახადო კოდექსს. ძალიან ნიჭიერი პიროვნება იყო, ძალიან მომხიბლა მისმა განსწავლულობამ. მან მიბიძგა, მეცადა თავი ახალ სფეროში, ასე აღმოვჩნდი საგადასახადო მიმართულებით.

-სად ხედავთ თავს წლების შემდეგ…

-არ ვიცი. ამაზე ჯერ არ მიფიქრია, იმდენად დატვირთული და აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, ვფიქრობ ჩემი შვილების მომავალზე. საბოლოო ჯამში, ალბათ, ოჯახში მოფუსფუსე კარგი მოსიყვარულე ბებია ვიქნები (ეღიმება). ჩემი მეუღლე მეფუტკრეა, გვყავს ფუტკრის ოჯახი, რომელსაც ვამთაბარებთ და ღრმა მოხუცებულობაში მე და გია ვიქნებით კარგ ბუნებაში, ჩვენთვის მყუდროდ.

-საყვარელი საქმე…

-ხელსაქმე მიყვარს ძალიან – ქსოვა, კერვა. ჩემი პატარებისთვის შემიკერია, როდესაც სახლში ვიყავი და არ ვმუშაობდი, ასევე ვხატავ. ზღვა არის ჩემი სტიქია, ძალიან კარგად ვცურავ.

-რას ურჩევდით ქალბატონებს

– ვურჩევ, გამოიყურებოდნენ მუდამ მომხიბლავად, იყვნენ ბედნიერები. გასაგებია, რომ ბედნიერება გარემოებას მოაქვს, მაგრამ გარემოებასაც შექმნა უნდა. თავად უნდა შექმნან ბედნიერი გარემო.