ხუთ. აპრ 25th, 2024

პროფესიით ბიოლოგი, სრულიად სხვა სამყაროში უცაბედად და მოულოდნელად ხვდება. ამის შემდეგ ცხოვრება მას სთავაზობს სიურპრიზებით და მშვენიერებებით სავსე მომავალს. თუმცა მანამდე იყო ლენინგრადი და გერცენის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, სადაც განათლება მიიღო საბუნებისმეტყველო განხრით. ნომრის სტუმარი ქალბატონი მაია კორკელია გახლავთ.

მუშაობდა ერმიტაჟის მუზეუმში, რომელიც მსოფლიოს კულტურის, ისტორიის და ხელოვნების უმსხვილესი მუზეუმია. გამოფენილია რენესანსის პერიოდის შემოქმედება. სადაც წარმატებული სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფი მუზეუმში მისულ დამთვალიერებს წარმოუდგენდა და ამოგზაურებდა რენესანსის პერიოდში. როგორც თვითონ აღნიშნავს, ამან ძალიან დიდი გამოცდილება მისცა და გავლენა მოახდინა მასზე, როცა სამხატვრო სასწავლებელში დაიწყო მუშაობა. 1987 წელს ჩამოვიდა ქალაქში და მუშაობა დაიწყო ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ბიოქიმიკოსად. საავადმყოფოს შემდეგ იყო პირველი საჯარო სკოლა, სადაც სამი წლის განმავლობაში ბიოლოგიის პედაგოგად მოღვაწობდა, სკოლის დატოვების შემდეგ იწყება მის ცხოვრებაში ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირი, რომელიც, როგორც ამბობს, მრავალსახოვანი, მრავალშრიანი და მარადიულია, ხელოვნება ხომ საწყისია ყოველგვარი ესთეტიკის: „ბედისწერას დავარქმევდი ჩემს დღევანდელ ცხოვრებას, სრულიად დაუგეგმავად და მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში სამხატვრო სკოლა. 1997 წელს დაარსდა სამხატვრო სასწავლებელი, აკაკი ჩხაიძე იყო ამ სასწავლებლის ხემძღვანელი და შემომთავაზა სასწავლებლის სასწავლო ნაწილის თანამდებობა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. ამ დროს უკვე სკოლიდან წამოსული ვიყავი. სრულიად ახალგაზრდა, გამოუცდელი ჩავები ძალიან სხვა სფეროში, მაგრამ როგორც ბრძენი ფილოსოფოსი აბობს – “ არასოდეს თქვა არასოდეს”. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. პარალელურად ვასწავლიდი პლასტიკურ ანატომიას. პლასტიკური ანატომიაა ჩემი პროფესიის განხრა, რომელიც ითვლება პრაქტიკულ მეცადინეობად მხატვრებთან. ამ პერიოდში სასწავლებელში მოსწავლეთა უსაზღვრო რაოდენობა იყო – თითო ჯგუფში ცამეტი მოსწავლე. სასწავლებელში ოთხწლიანი სწავლება გახლდათ, სადაც ისწავლებოდა ჩვეულებრივი სასკოლო საგნებიც. ასევე, ბიჭ მოსწავლეებს ოთხი წლის განმავლობაში ჯარიდან ტოვებდა. სწავლების დასრულების შემდეგ, ორი სტატუსი გაიცემოდა, როგორც სკოლის დამთავრების, ასევე შესაბამისი სპეციალობის. ხარისხიან დიპლომებს გავცემდით, სადაც მითითებული იყო, რომელი კატეგორია ჰქონდა გავლილი. კატეგორია სამი და ოთხი, პირველის და მეორის უფლება არ ჰქონდა სასწავლებელს. სწავლება სრულიად უფასო იყო და დამოკიდებული გახლდათ ადგილობრივ ბიუჯეტზე და მიეკუთნებოდა კულტურის სამინისტროს. ასეთი სასწავლებელი საქართველოს მასშტაბით 26 იყო და ჩვენს ქალაქში 2. ერთი ჩვენი სასწავლებელი, რომელიც სულ ახალი დაარსებული იყო და მეორე არჩილ ხორავას მუსიკის სასწავლებელი, რომელსაც 35 წლიანი არსებობის ისტორია ჰქონდა.

მოხდა ისე, რომ 2006 წელს კულტურის სამინისტრომ გააუქმა საშუალო რგოლი და გაერთიანდა მუსიკალური და სამხატვრო სასწავლებლები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხელოვნების დარგია, განსხვავებული სპეციფიკით და მახასიათებლები გააჩნიათ. 2008 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოყო ეს ორი სასწავლებელი და დავფუძნდით აიპად. ძალიან რთული პერიოდი და გზა გამოვიარეთ, რეანიმაციის რეჟიმში ვიმუშავეთ. ბევრი რამ შეიცვალა, გადავკეთდით 3 წლიან სასწავლებლად, შეიცვალა დებულება, პროგრამები, რომლის ავტორიც თავად ვარ. მაგრამ ჩვენი პრინციპი – ხელოვნება ბავშვებისთვის – არ დაგვიკარგავს, ვასწავლით ბავშვებს მივიწყებულ ხალხურ დარგებს, ხალხური რეწვის დარგებს, ეს არის ჩვენი მთავარი, რაზეც ვმუშაობთ. ახალი დარგები არ შეგვიქმნია, იგივე დავტოვეთ, რაც 2006 წლამდე იყო. ეს არის კერამიკა, ხის მხატვრული დამუშავება, მხატვრული ქსოვის ფაკულტეტი, მხოლოდ ტანსაცმლის მოდელირება დავამატეთ, რომლის ელემენტად ისევ ხალხური მოტივები ავირჩიეთ“.

-ამბავი, რომელიც მუდამ თქვენი თანმხლები და თანამგზავრია, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა და გავლენა იქონია თქვენზე…

– პირველ რიგში გავიხსენებ ადამიანს, რომელმაც ხელოვნებისკენ მიმავალი გზა გამიკვალა. აკაკი ჩხაიძე უდიდესი პიროვნება იყო, სამართლიანი და თბილი. მას დიდი მადლი ჰქონდა, მასთან ურთიერთობით უამრავი რამ ვისწავლე, შემიცვალა აზროვნება, მიდგომა. თითქმის შვიდი-რვა წელი გავატარეთ ერთად. ასაკში მყოფი ადამიანი უფრო ახლობელი იყო ჩემთვის, ვიდრე სხვა რომელიმე ჩემი ნათესავი. მან მასწავლა, რომ სამსახურში არ არის კოლექტივი, ეს პატარა ოჯახია – “მე დავაარსე, მაგრამ თქვენ ხართ ახალგაზრდები, ახალი ძალა ხართ და ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს სასწავლებელი გახდეს მცირე აკადემიაო” – ეს იყო მისი ოცნება, მოთხოვნა, თხოვნა და საერთოდ ყველაფერი .

ისტორია, რომელიც მახსენდება, სასწავლებელთანაა დაკავშირებული. ბატონი აკაკი ჩხაიძე ქალაქიდან გადიოდა და მთხოვა, ჩემს მაგივრად გტოვებო. ამ დროს ახალი მისული ვარ, მოსწავლეებზე იმდენი გავლენა არ მქონდა. შევედი აუდიტორიაში, რომ გაკვეთილი ჩამეტარებინა, კლასში საშინელი ხმაური იყო, ბავშვებიც ჩემგან ზურგშექცევით იყვნენ. მე დავდექი და დავიწყე ძალიან ხმადაბალი ტემბრით საუბარი ისე, რომ თავად მეც არ მესმოდა ჩემი საუბარი. ცოტა ხანში ბავშვებმა ეტაპობირივად დაიწყეს ჩემსკენ შემობრუნება და შუა გაკვეთილის დროს უკვე ჩემი ხმაც გავიგონ და სიჩუმემაც დაისადგურა. ამის მერე ჩამოყალიბდა ჩვენს შორის ურთიერთპატივისცემა“.

-დევიზი, რითაც ხელმძღვანელობთ კარიერულ და პირად ცხოვრებაში?

– არასოდეს მოვატყუო ადამიანი. ვთქვა მხოლოდ სიმართლე. როდესაც ჩემს ნაბიჯებს ვუფიქრდები, ძალიან მიადვილდება, ამის ფონზე წინ წასვლა.

– ოცნება, რომელიც დღემდე განუხორციელებელია…

– ოცნება, რომელიც დღემდე მაქვს არ არის მარტო ჩემი, ეს იყო და არის სასწავლებლის ფეხზე დაყენება და გადაქცევა მცირე აკადემიად. მთელი ამ პატარა ოჯახის ოცნებაა, რომ სასწავლებელი იყოს ისეთი ძლიერი როგორიც შინაარსობრივად არის, გვჭირდება კარგად გამართული ინფრასტრუქტურა, ეს დაგვრჩა მხოლოდ მოსაწესრიგებელი. მე ვამაყობ თითოეული თანამშრომლით, რომელთაგან უამრავი რამ შევისწავლე.

– ოჯახი და კარიერა…

– ყველას აინტერესებდა, როგორ ვახერხებდი და ვათავსებდი სამსახურსა და ოჯახს. ძალაუნებურად ყველაფერს ისე ვაკეთებდი, რომ ოჯახსაც ვაქცევდი ყურადღებას და სამსახურსაც. გვერდში მედგნენ ჩემი მეუღლე და ოჯახის დანარჩენი წევრებიც. ამბობენ ბიჭების დედობა რთულიაო, მიჭირდა მაგრამ ურთიერთშეთანხმებით მივაღწიე საუკეთესო ბალანს.

– სად, ხედავთ თქვენს თავს წლების შემდეგ?

– არ მიფიქრია ამაზე არასოდეს. სად შეიძლება ვიყო? ალბათ, ისევ აქ რიგით პედაგოგად. ალბათ გავლენა არის პედაგოგი დედის. (იღიმის)

– გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ.

– ვიტყვი, რომ არ მრცხვენია. ამაყი ვარ, სიმართლით გავიარე ჩემი ცხოვრება, ტყუილის გარეშე. ძალიან ბევრი მეგობარი და კარგის მსურველი მყავს, ვარ დაფასებული ჩემი თანამშრომლებისგან და მოსწავლეებისგან. ნულიდან რომ დავიწყო ცხოვრება, ისევ ამ გზას გავივლიდი.

– რას ურჩევდით ქალებს?

– ახლა გაზაფხულის პირველი თვეა, ულამაზესი. სილაღეს ვუსურვებდი, ღიმილს. მინდა, ისეთივე მშვენიერნი იყვნენ, როგორც გაზაფხულია, გაზაფხული სიცოცხლის საწყისია.