შაბ. აპრ 20th, 2024

ევროპული გზა, როგორც ჩვენი საზოგადოების რეალური პოლიტიკური არჩევანი, რისთვის გვჭირდება და რა გვინდა ევროპაში? ამ და სხვა კითხვებზე იმსჯელეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიმართულების – აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, თბილისში გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინისა და ესტონეთის ჟურნალისტები და ექსპერტები, ასევე ესტონეთის ელჩი კაი კარეზონი, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორი იან რეინშოლდი, პროგრამის დირექტორი, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის დირექტორის მოადგილე თინა ილენი და ჟურნალისტის ასოციაციის პრეზიდენტი “გენდერი მედიაკავკასია” გალინა პეტრიაშვილი.

კონფერენცია საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. ისაუბრეს ჟურნალისტების ცოდნისა და ინფორმირებულობის შესახებ ევროპული ინტეგრაციის თემებზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების საკითხებზე. ჟურნალისტებმა დასვეს კითხვები საერთაშორისო პროგრამების ეფექტურობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. შემუშავდა წინადადებები.

ესტონეთის წარმომადგენლებმა თავიანთი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრეს. ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მნიშვნელობას და მათ როლს ამ კავშირში, აღნიშნეს ამ კავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის გაწევრიანების პერსპექტივებზე. არ დავიწყებიათ ხსენებული ქვეყნების ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პლიუსებისა და მინუსების აღნიშვნა.

კონფერენციაზე გამოვიდნენ ქართველი და უკრაინელი ჟურნალისტებიც. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ნინო სუხიაშვილმა როგორც აღნიშნა:

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და განსაკუთრებლად მნიშვნელოვანი იყო კონფერენცია. ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ესტონეთის განვლილი გზა სამაგალითოა უკრაინისა და საქართველოსთვის. ძალიან ბევრი საინტერესო გამოსვლა მოვისმინე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებითაც. როგორ გადალახეს პრობლემები ესტონელმა კოლეგებმა და როგორ ჯობია ამა თუ იმ საკითხებზე უკეთ მუშაობა. ასევე მნიშვნელოვანი იყო იმისი გააზრებაც, რომ გარკვეულ საკითხებში შეიძლება უკრაინელ კოლეგებთან შედარებით ჩვენ წინსვლაც გვქონდეს და იყოს რაღაც გარკვეული საკითხები, რაც შეიძლება მაგალითად ავიღოთ ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან. რაც შეეეხება ჩემს პრეზენტაციას გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით, ძირითადად მიმოვიხილე რეგიონული და ცენტრალური როგორც ელექტრონული, ისე ნაბეჭდი მედია. ჩემი გამოსვლა ეყრდნობოდა ძირითადად გაეროს განვითარების პროგრამის კვლევას, რომელიც მათ განახორციელეს გასულ წელს. მინდა ვთქვა, რომ გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ მედიაში რჩება პრობლემად. ჟურნალისტების განათლება ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს. არ ვთვლი, რომ წინ გადადგმული ნაბიჯები არ არის ამ მიმართულებით, კიდევაც აღვნიშნე, რომ არც თუ დიდი ხნის მიუხედავად, რაც ქართულმა მედიამ დაიწყო ამ საკითხებზე მუშაობა, მნიშვნელოვანი წინსვლაა საზოგადოების ცნობიერებაში, რაშიც მედიამ უდიდესი როლი შეასრულა. თუმცა, რჩება პრობლემატური საკითხები – პრობლემებია ვიზუალიზაციასთან, ასევე ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით. კარგი იქნება, თუ კიდევ გაგრძელდება ტრენინგები, რაც საბოლოოდ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას წაადგება“.

„კახეთის ხმის“ რედაქტორ მაია მამულაშვილის თქმით: „საქართველოს, უკრაინისა და ესტონეთის „ევროპული გზა, არჩევანი და მედია“ – იყო ამ კონფერენციის მთავარი მიმართულება. საქართველო და უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალიან აქტიური პროცესის ნაწილი არიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩვენ მხარს გვიჭერს ესტონეთი როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ისინი ევროკავშირთან ერთად მიიჩნევენ, რომ ეს თანამშრომლობა და ურთიერთობა დაეხმარება ამ ორ ქვეყანას ევროპასთან დაახლოებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში საზოგადოების ინფორმირებულობისათვის არის მედია, ჟურნალისტები, რომლებიც უშუალოდ შეხებაში არიან საზოგადოებასთან. ჩემი პრეზენტაციის თემა გახლდათ თვითრეგულირება და თვითორგანიზება საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა მედიაში. ჩვენი ბაზარი ძალიან პატარაა, სარეკლამო შემოსავლები ძალიან მცირდება და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც გვერდით გვიდგანან, რათა გადარჩეს დამოუკიდებელი აზრი. სტატისტიკით, ინფორმაციის მისაღებ მთავარ წყაროდ ტელევიზია სახელდება, მეორე ადგილზე გადაინაცვლა ფეისბუქმა, დანარჩენი მედია რესურსები როგორიცაა გაზეთები, რადიოები, ჟურნალები ჩამორჩა დროს და ინტერნეტიზაციამ მოიცვა. სამაგიეროდ, ინტერნეტ სივრცეში აქტიურად ვართ მედია ორგანიზაციები წარმოდგენილნი და თუ ეს ინსტრუმენტები გვექნება გამართული და ხარისხიან პროდუქციას ვაწარმოებთ, მკითხველის მოპოვებას შევძლებთ. ეს დამაიმედებელია. თუმცა, მთლიანობაში, ბაზრის სიმწირის გამო, შეუძლებელი ხდება მედიასაშუალებების არსებობა. ამიტომ ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“.

კონფერენციაზე გამოიკვეთა, რომ უკრაინისა და საქართველოს მედიის მდგომარეობა ძალიან ახლოსაა. ამ ორი ქვეყნის მედიასაშუალებები ერთიდაიგივე პრობლემების წინაშე დგანან.