ხუთ. აპრ 25th, 2024

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებისთვის 2018-20 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინეს.

აღნიშნული გეგმა FAO-ს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მომზადდა, რომლის მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება გლობალური მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გაეროს გლობალური მიზნების მიღწევაში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროცესებში სამინისტროს აქტიურ ჩართულობას გაუსვა ხაზი.

FAO-ს SDG კონსულტანტმა ზაზა ჭელიძემ კი ისაუბრა გლობალური მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგში FAO-ს როლზე, გლობალური მიზნების მისაღწევად საჭირო მიდგომებსა და სტრატეგიულ მიმართულებებზე. ასევე ხაზი გაუსვა თუ რას წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი გლობალური დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2030 წლამდე. მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანაა, გააგრძელოს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიერ დაწყებული საქმე. გაეროს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს მდგრადი განვითარების მიზნები 2015 წლის 25-27 სექტებერს ნიუ იორკში (აშშ) გამართულ მდგრადი განვითარების სამიტზე. გაეროს გლობალური მიზნები 17 ძირითადი კომპონენტისგან შედგება და მათგან რამდენიმე უშუალოდ FAO-ს სტრატეგიულ გეგმაში ასახულ საკითხებს უკავშირდება. ესენია: სიღარიბის შემცირება, გენდერული თანასწორობა, სუფთა წყალი და სანიტარია, მდგრადი მოხმარება და წარმოება, ზღვის რესურსებისა და დედამიწის ეკოსისტემების ხელშეწყობა და შენარჩუნება.