შაბ. აპრ 20th, 2024

რედაქციაში ფოთის ბაზარში თევზის სარეალიზაციო ადგილზე არსებული პირობებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა დარეკეს და გვთხოვეს,დავინტერესებულიყავით საკითხით.განაწყენებული მოქალაქეები,გამყიდველების არაკეთილსინდისიერებაზეც მიუთითებდნენ.

საკითხის გასარკვევად თევზის ბაზარს მივაშურეთ. მისვლისთანავე შევესწარი ფაქტს, როცა უკმაყოფილო მყიდველი ნაყიდი თევზის წონას საკმაოდ მაღალ ნოტაზე აპროტესტებდა და ნაყიდ პროდუქტს უკან აბრუნებდა – ისედაც ძვირად ყიდით თევზს და წონაშიც ამდენი დამაკელითო –ყვიროდა მყიდველი. საკმაოდ ხშირად მსმენია მსგავს ინციდენტებზე და ახლა ამის მოწმეც თავადაც გავხდი. თევზი ჩვენს ქალაქში, უკვე რამდენიმე წელია რიონის პირას, ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე ძალიან ცუდ პირობებში იყიდება. Eეს ადგილი, როგორც იტყვიან, `გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან მოყვარეს~, რადგან ერთი შეხედვით თითქოს მოწესრიგებულია, სინამდვილეში კი, არ არის დაცული ელემენტარული ჰიგიენური ნორმები, ირგვლივ სუფევს ანტისანიტარია, გვერდით არის საპირფარეშო, არ ამოწმებენ გასაყიდად შემოტანილ თევზს, რადგან ეს ტერიტორია არ მიეკუთვნება აგრარულ ბაზარს. შესაბამისად, იქ შემოწმებისთვის თვითნებურად მოსულ ვეტერინარს დიდი წინააღმდეგობა ხვდება რეალიზატორების მხრიდან. სურსათის უვნებლობის სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოწმებს საკვებ პროდუქტებს, თუ კი შევა შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან. სხვა შემთხვევაში ზემოთ ხსენებული სამსახური პროდუქტების შემოწმებას არ ახორციელებს. მოგეხსენებათ, ფოთი თევზთან ასოცირდება და თევზითაც მთელს საქართველოს ამარაგებს, ადგილზე კი თევზის გაყიდვა ასეთ პირობებში მართლაც, რომ სამარცხვინოა. მოქალაქეები პრეტენზიებს გამოთქვამენ აქ არსებული უსუფთაობის გამო. თევზები ხშირად ყუთებში ჩაყრილი აწყვია მზეზე და რამდენიმე დღის განმავლობაშიც იყიდება. აღარაფერს ვამბობთ ხმაურიან დავებზე თავად თევზის რეალიზატორებს შორის ფასებზე შეუთანხმებლობის დროს. ზოგი მათგანი ოჯახის წევრების მიერ დაჭერილ თევზს შედარებით დაბალ ფასად ყიდის, რითაც მათ გაღიზიანებას იწვევს, რომლებსაც უფრო ძვირად უნდათ გაყიდვა. თევზი, ძირითადად, დილის საათებში შემოდის. თავად რეალიზატორები მიდიან ზღვაზე ან პალიასტომზე და ბითუმად იღებენ თევზს, ძირითადად ბარაბულკას, კეფალს, ლეშას, ამურს. წესით, შემოწმება დილითვე უნდა ჩატარდეს, სანამ თევზი გასაყიდად დაეწყობა დახლებზე. ერთ-ერთი რეალიზატორი დოდო გვეუბნება, რომ ისინი შეუმოწმებელ თევზს არ ყიდიან და არც წონაში იტყუებიან: `ჩვენ ყოველ დილით გვამოწმებენ, როცა მოვიტანთ თევზს ზღვიდან ან პალიასტომიდან. ვაგზავნით თევზს რაიონებში, ვიყენებთ 40 კილოგრამიან ხელის ელექტრო სასწორს, რომელიც ზუსტად წონის. კამათი ფასის გამო მოგვდის ერთმანეთში, მაგრამ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით აქ. დარჩენილ თევზს საღამოს ვაყრით მშრალ ყინულებს და ვინახავთ ჩვენს-ჩვენს კარადებში”.
თევზი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზეც იყიდება და იქ არსებული პირობებითაც დავინტერესდით. აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თევზის რეალიზებისა და შემოწმების პრობლემა წლებია დგას, მაგრამ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება არავის სურს ზემო ინსტანციებში. როგორც გავარკვიეთ, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც გაეცნენ აქ არსებულ ვითარებას და დაწერეს დასკვნა, რომ თევზის ასეთ პირობებში რეალიზება რეკომენდირებული არ არის. ამის თაობაზე წერილი გაეგზავნა ადგილობრივ საკრებულოს, თუმცა თვითმმართველობის მხრიდან რეაგირება ამ საკითხს ჯერაც არ მოჰყოლია. ბაზრის ადმინისტრაცია ღიად მიანიშნებს, რომ `თევზის ბიზნესი” ვიღაცის კერძო შემოსავლის წყაროა და ამიტომ არ ექცევა ყურადღება. აგრარული ბაზრის ვეტ-ლაბორანტი თეა პატარაია როგორც განმარტავს, თევზით მოწამვლამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას: `თევზმა, როგორც შებოლილმა, ისე ცოცხალმა, შეიძლება გამოიწვიოს უმძიმესი მოწამვლა. მთელი ზაფხული არ აქვთ ყინული, ყრია მაგიდაზე მზის გულზე, მარხილებით დააქვთ მთელ ბაზარში, არა აქვს არაფერი გადაფარებული და ისე ყიდიან მტვერში. ეს უმძიმესი დარღვევაა, თუმცა ზომებს არავინ იღებს. იმ ტერიტორიას არ ჰყავს ვეტ ექიმიც. დილით, როცა თევზი სარეალიზაციოდ შემოდის, რამდენიმე საათის დაჭერილია, შემოწმება ხდება ვიზუალური დათვალიერებით, ლაყუჩებითა და თვალებით. ლაყუჩები უნდა იყოს ღია შეფერილობის, როცა ძველდება ლაყუჩები მუქ, არასასიამოვნო ფერს იღებს. რეალიზატორები კი რეცხავენ, ასხამენ წყალს, რომ ახალივით გამოიყურებოდეს, ანტისანიტარიაა სარდაფშიც, თევზი ინახება უმაცივროდ, ცუდ პირობებში. მე მივწერე ამის შესახებ ვეტერინალურ დეპარტამენტს, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები”-გვითხრა თეა პატარაიამ.
როგორც გავარკვიეთ, ბაზარს გააჩნია სპეციალური თევზის განყოფილება, რომელიც მოპირკეთებულია კაფელით, აქვს სანიაღვრე მოწყობილობა, მაცივრები, შუშის აუზი ცოცხალი თევზის რეალიზებისათვის. რატომ არ იყიდება აქ თევზი, ეს ცალკე საუბრის თემაა. ბაზრის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს კერძო ინტერესებს ეფუძნება და იმ ადგილას თევზის გაყიდვიდან შემოსავალს ტერიტორიის მეპატრონე ღებულობს. ამასობაში კი, ვიდრე ინტერესთა კონფლიქტს დასასრული არ უჩანს და მტყუან-მართლის გარჩევაში დრო უსასრულოდ იწელება, ყოველდღიურად თითოეული ჩვენთაგანი ვდგავართ თევზით მოწამვლის საფრთხის წინაშე.