ოთხ. ოქტ 9th, 2024

ნატოს დღეების ფარგლებში, ფოთში გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელმა ტორსტენ დერიკმა ჩაატარა, რომელმაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

ნატოს დღეები საქართველოში ოფიციალურად 16 აპრილს გაიხსნა და 1 მაისამდე გაგრძელდება. ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება: ლექცია-სემინარები და კონკურსები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პედაგოგებისთვის თბილისში დაგეგმილია სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“, ტურნირი-„დადე ლელო ნატოსთან ერთად“, პროექტი მედიის წარმომადგენლებისთვის-„ერთი დღე ჯარში“.

ნატოს დღეები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები.

ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.