ხუთ. აპრ 25th, 2024

ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსების მოსახლეობა სარდაფებში კანალიზაციის მილების შეკეთებასა და წყლის ამოტუმბვას წლებია ითხოვს. რედაქციაში ამ პრობლემით შეწუხებულმა მოქალქეებმა მოგვმართეს.

იგივე პრობლემა დგას ფარნავაზის ქუჩის 7 ნომერშიც. კორპუსების მაცხოვრებლები უკიდურესად შეწუხებულნი არიან აუტანელი სუნით. მომრავლდა მწერები, არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაც. მოსახლეობა უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრება, შესაბამისი სამსახური კი ვერ ახერხებს ყველა კორპუსს გაუწიოს დახმარება. ამის მიზეზად რესურსისა და სახსრების არარსებობას ასახელებს. საბინაო სამსახურის უფროსი ალფონს მეტაქსა მოსახლეობას მერიისკენ მიუთითებს და აცხადებს, რომ ბინებში საკანალიზაციო მილების შესაკეთებლად 50 ათასი ლარია საჭირო. იგი მხოლოდ თანხის დასახელებით შემოიფარგლა და უკომენტაროდ დატოვა ტერიტორია.

ფოთში 272 მარავალსართულიანი სახლია. კომუნიკაციის მთლიანი ქსელი ქალაქში არსებობს მხოლოდ 25% მოსახლეობისთვის. ეს არის ნაბადისა და მალთაყვის ნაწილი. ამ მონაკვეთებზეა გაკეთებული შემკრები ჭები. დანარჩენ ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ არსებობს საკანალიზაციო ქსელი. როგორც მერიაში ამბობენ, პროექტი დამუშავებულია და ელოდება დამფინანსებელს. მთელ ქალაქში საკანალიზაციო სისტემის კეთილმოწყობისთვის საჭიროა 90 მლნ ლარი.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. რამდენჯერმე მიმართვის მიუხედავად, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია მთავრობის მხრიდან: „პირველ სართულზე ვცხოვრობ, აქ გაძლება შეუძლებელია, წყალი და ფეკალი უკვე ოთახში ამოდის, ყურადღებას კი არავინ გვაქცევს, ერთმანეთს აბრალებენ”- გვითხრა ფარნავაზის 7_ში მცხოვრებმა ქალბატონმა.

„ორი წლის წინ აქ გამოცვალეს მილები, გააკეთეს რაღაც, მაგრამ ახლა ისევ სავსეა სარდაფები წყლით, მოგვხედონ, სანამ ამ სახლებს უფრო სერიოზული საფრთხე არ შექმნია“-თავის პრობლემას გვეუბნებიან ჭანტურიას ქუჩის მაცხოვრებლები. ამ ქუჩის მოსახლეობამ სამჯერ მიიტანეს კოლექტიური წერილი მერიაში, მაგრამ არც პასუხი ჩანს და არც არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ საკანალიზაციო ჭებს სახურავები მოხადა საბინაოს წარმომადგენელმა და, მართალია, ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ უსიამოვნო სუნი დროებით შემცირდა, მაგრამ ამ ბოლოს ისევ მოიმატა განსაკუთრებით ღამით, რაც აუტანელს ხდის ბინებში ყოფნას.

ქალაქში არსებული მრავალსართულიანი სახლების საკანალიზაციო სისტემა მოშლილია. სანამ ქალაქი 90 მლნ ლარს იშოვის, იქნებ სარდაფებიდან წყალი ამოეტუმბათ და საკანალიზაციო მილები შეეკეთებინათ, ამას, დარწმუნებული ვართ, დიდი ფული არ სჭირდება. მანამდე მოსახლეობა ენით აუწერელ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.