ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში კვლავ მცირეა.
ფოთში, გასულ წლებთან შედარებით,
2017 წლის თვითმართველობის არჩევნებში ქალ პოლიტიკოსთა ჩართულობა უპრეცენდენტოა. შვიდი მერობის კანდიდატიდან სამი ქალია.
ქალი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, 1975 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ქალი, ქალაქის მართველობას ჩაუდგება სათავეში.
გასული არჩევნების ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ,2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში 8 მაჟორიტაობის კანდიდატი და ერთი მერობის კანდიდატი იყო, რომელმაც რეგისტრაციიდან, რამდენიმე დღეში მოხსნა კანდიდატურა. მართალია, მაჟორიტარების რაოდენიბა არც 2017 წლის არჩევნებისათვის შეცვლილა და ის, კვლავ 8 ქალია, მაგრამ ფინანსურმა დაინტერესებამ, პროპორციულ სიაში ქალთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა.
ფოთში პროპორციული წესით რეგისტრირებული – 182 კანდიდატიდან -72 ქალია, მაჟორიტარული წესით კი, 53 კანდიდატიდან მხოლოდ 8 ქალია.
არჩევნებში ჩართული პარტიებიდან მაჟორიტარულ ოლქში, თითქმის ყველა პარტიამ წარადგინა ქალი კანდიდატები, გამონაკლისი ,,შენების პარტია” აღმოჩნდა, რომელსაც ქალი კანდიდატი არც მაჟორიტარულ ოლქში ყავთ და არც პროპორციულ სიაში. ამ მხრივ, საუკეთესო მაჩვენებელი ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსსა“ და ,,შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბოლისტთა კავშირს“ აქვს, რომელსაც პროპორციულ სიაში 5-5 კანდიდატი ყავს. ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, მერობის კანდიდატიც ქალი ყავს. ,,ბაქრაძე, უგულავა- ევროპული საქართველოს“, ,,დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ და ,,თავისუფლება- ზვიად გამსახურდიას გზას“ სიის ათეულში 4-4 კანდიდატები ყავთ. მართველი პარტია მხოლოდ 2 კანდიდატით შემოიფარგლა.
2017 წლის 25 სექტემებრის ცესკოს მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 53.76% ქალი ამომრჩეველი. რაც შეეხება კანდიდატებს, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილია 63.12% მამაკაცი და მხოლოდ 36.88 % ქალი. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე კი, წარდგენილი კანდიდატებიდან მხოლოდ 16.30 % ქალი.
რაც შეეხება რეგიონს აქ შედარებით ნაკლები ჩართულობაა. რეგიონებში პროპორციული წესით წარდგენილია 36. 13% ქალი, 63.87% მამაკაცი; მაჟორიტარული წესით – 15.61% ქალი, 84.39% მამაკაცი.
მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის მარტში პარლამენტმა მიიღო კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ ქალების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავ მცირეა. ფოთში გამოკითხულ მამაკაცთა უმრავლესობის აზრით, თავად ქალთა ნება არ არის პოლიტიკაში მოსვლა, ნაწილისათვის კი, ქალს სათანადო ძალა და ხასიათის სიმტკიცე არ გააჩნია. არადა, მამაკაცთა უმრავლესობას ავიწყდება ერთი მარტივი თეორია, რომ ყველა წარმატებული კაცის უკან, ძლიერი ქალი დგას, სწორედ, ქალთა მხრებზე გადის საქართველოს ეკონომიკური სიდუხჭირე.
ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესისადმი ქალების დაბალი ინტერესი, მათი საჭიროებების გაუთვალისწინებლობით არის გამოწვეული. კერძოდ, ქალ ამომრჩეველთა ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმა პრიორიტეტული არ არის; ისინი მეორეხარისხოვნები არიან მამაკაცებთან შედარებით; პოლიტიკა არ არის ქალის საქმე და მათთვის არაფერი შეიცვლება.
გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით, საქართველო გამოკითხულ 137 ქვეყანას შორის 71-ე ადგილს იკავებს.
ივეტა პაჭკორია
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.