შაბ. აპრ 20th, 2024

დღეს ფოთში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ,დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ
სუბარმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქის მერობის კანდიდატი, ბიზნესმენი გოჩა კურდღელია წარადგინა.
“ჩვენ წარმოვადგენთ იმ პოლიტიკურ გუნდს, რომლისთვისაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის ღირსება და თავისუფლებაა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად, ფოთის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები გადაიჭრა” – ასე მიმართა შეკრებილ მოსახლეობას მერობის კანდიდატმა კურდღელიამ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის აღნიშვნით თუ დღემდე ფოთს მხოლოდ საპორტო ქალაქად იცნობდნენ, მალთაყვის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც ბულვარისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, ფოთი ტურისტული ქალაქის სტატუსსაც შეიძენს. “ამ მიმართულებით მომავალ წელს იგეგმება 2 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოების შესრულება, პროექტის დასრულების შემდეგ კი ქალაქს 7 კმ-იანი ქვიშის სანაპირო ზოლი ექნება” – აღნიშნა ალავიძემ.

მისივე თქმით, ფოთში დაგეგმილია წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, რაც მრავალწლიან პრობლემას მოაგვარებს, ამასთან, 50 მილიონი ლარი დაიხარჯება ფოთში ახალი შემოსასვლელი ხიდის და წყალმარეგულირებელი კომპლექსის მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე. აშენდება ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი და სპორტ კომპლექსი.