შაბ. აპრ 20th, 2024

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი.გამარჯვების მსურველები უკვე ,,დაფაცურდნენ,,და,ასე ვთქვათ, საარჩევნო
დაპირებების მოფიქრებაში არიან გართულნი.

როგორც წესი, წინასაარჩევნოდ გაცემული უხვი და ხშირ შემთხვევაში „მსუყე“ (ხშირადაც რეალობას მოკლებული) დაპირებები დავიწყებას ეძლევა. ამომრჩევლის რჩეულთა დაპირებების იგნორირება, მეტწილად, თავად ამომრჩევლის ბრალიცაა, რადგან ისინი არ ითხოვენ არჩეულთაგან დაპირებების პირნათლად და სრულად შესრულებას. არადა, 2015 წელს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შევიდა რეგულაციები, რომელიც თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს.

კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია გამართოს დასახლების საერთო კრება, რომელიც მუნიციპალიტეტის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელებს, მოსახლეობის პრობლემებს გამოკვეთს და მის მოგვარებაზე იზრუნებს. იგივე მუხლით, მცხოვრებლების ერთ პროცენტსაც კი შეუძლია საკრებულოს მიმართოს პეტიციით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების მოთხოვნით. კოდექსის მიხედვითვე, უნდა შექმნილიყო მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის სათათბირო ორგანო სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელშიც შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელები. სათათბიროში არანაკლებ 10 წევრი უნდა იყოს და მათ დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ამტკიცებს. სათათბიროს შეხვედრა სამ თვეში ერთხელ მაინც უნდა შედგეს. ახალი რეგულაციის მიხედვით, საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ შეხვდნენ საკუთარ ამომრჩეველს და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინონ. ამომრჩეველს კი, უფლება აქვს, გაფრთხილების გარეშე, სურვილისამებრ, დაესწროს საკრებულოს ნებისმიერ სხდომას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ელექტორატი ნაკლებად სარგებლობს მინიჭებული უფლებებით. თუმცა, როგორც ორწლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, არც თვითმმართველობებს შეუწუხებიათ თავი.

როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გვითხრეს, სულ 5 პეტიცია შევიდა, რომლებიც, რატომღაც, 2016 წლის 27 დეკემბრითაა დათარიღებული და რომელთაგანაც არცერთი არ დაკმაყოფილდა. პირველი გახლდათ პეტიცია, რომლითაც რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების ყოველთვიური მოვლის ხარჯების განსაზღვრას და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მათ დაფინანსებას ითხოვდა.
ფოთის საკრებულოს იურისტმა ბერდია ბუსქანძემ ამასთან დაკავშირებით გვითხრა, რომ ზემოაღნიშნული პეტიციის წარმდგენ პირებს განემარტათ – პეტიცია უნდა მოიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, რამდენად პრობლემურია საკითხი. ბუსქანძემ ისიც გვითხრა, რომ პეტიციით მოთხოვნილი საკითხი ისედაც გათვალისწინებული გახლდათ ადგილობრივ ბიუჯეტში.

მეორე პეტიციით- ელადას ქუჩის #8 და #8 – ა საცხოვრებელ კორპუსების მცხოვრებლები ითხოვდნენ სახურავის რეაბილიტაციას, რაც ვერ დაკმაყოფილდა შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების უქონლობის გამო.

ამავე არგუმენტით არ დაკმაყოფილდა დევნილთა დასახლებაში და მზარელუას ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პეტიციებიც.

როგორც გავარკვიეთ, დარჩენილ ორ პეტიციასაც იგივე ბედი ეწია – რამდენიმე ქუჩის მცხოვრებლები საბავშვო გასართობი მოედნისა და მინი სტადიონის მოწყობას ითხოვდნენ.

ბუსქანძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ დამატებითი სახსრების შემთხვევაში, 5 პეტიციით მოთხოვნილი საკითხებიდან, შესაძლოა, რომელიმე განიხილონ და მოაგვარონ, რასაც საკრებულოს 2017 წლის 23 მარტის განკარგულებებშიც ამოვიკითხავთ.
ფოთის საკრებულოს აპარატის უფროსმა, ლელა ჩიჩუამ გვითხრა, რომ მოსახლეობა საკრებულოს ყველა სხდომას ნამდვილად არ ესწრება, გამონაკლისი შესაძლოა იყოს, მოსახლეობისათვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები:

,,ამ მოწვევის საკრებულოში უკვე 95 სხდომა გაიმართა. სადაც მოსახლეობის დასწრების აქტივობა შეიძლება შეფასდეს 10 %-ით. გასამართი სხდომების შესახებ ინფორმირება ნამდვილად ხდება იმ სტენდით, რომელიც განთავსებულია ადმინისტრაციული შენობის ფოიეში, ასეევ საკრებულოს ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, მოსახლეობა სხდომებზე დასწრებით არ გამოირჩევა.“

რაც შეეხება გაწეული საქმიანობის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე წევრების მოსახლეობისათვის ანგარიშის ჩაბარებას- ჩიჩუას თქმით, აღნიშნულმა პირებმა ყველა ანგარიში ვადების დაცვით ჩააბარეს და ეს გამოქვეყნებულია კიდეც.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფოთის მუნიციპალიტეტის დასახლებაში საერთო კრება არ ჩატარებულა, ამის მიზეზი ჩვენთან საუბარში არ დააკონკრეტეს.

რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს, პირველი შეხვედრა გაიმართა 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეხვედრაზე, დაინტერესებული მხარეების მხრიდან, გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. მეორე შეხვედრა გაიმართა მდ. რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობისა და ფოთში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, რომელიც ჩატარდა 2017 წლის 30 ივნისს.

როგორც მერიაში გვითხრეს, მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობა და ჩართულობა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საკმაოდ ეფექტური და შედეგიანი გახლავთ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, აწყობს საჯარო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგენს წლის ანგარიშს. ანგარიშის განხილვისას, პასუხობს ამომრჩევლების მიერ დასმულ შეკითხვებს. ამდენად, 2016 წლის გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის საჯარო მოსმენა გაიმართა ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში. განხილვას ფოთის მერი- ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურების უფროსები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.ისაუბრეს შესრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით 2016 წლის განმავლობაში გაწეულ დახმარებებსა და შემდგომ სრულყოფაზე, კულტურისა და სპორტის სფეროში წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე.

ასევე გვითხრეს, რომ ქალაქ ფოთის მერია ყოველ წელს აწყობს საჯარო შეხვედრას ბიუჯეტის განხილვასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, ხომ არ განხორციელებულა მოქალაქეთა ჩართულობით სხვადასხვა პროგრამები, რაზეც უარი მივიღეთ.ბიუჯეტიდან თანხები არ დახარჯულა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნითაც.

დავინტერესდით, რატომ პასიურობს მოსახლეობა და არ ერთვება თვითმმართველობის მუშაობაში. ამ მიზნით, რამდენიმე მოქალაქე გამოვკითხეთ.გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ასეთ ჩართულობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და არც შედეგის მომტანია, რადგან ხელისუფლება ხალხის აზრს ნაკლებად ითვალისწინებს და მათში მხოლოდ საარჩევნო ხმებს ხედავს.

ინგა გვასალია

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.