ოთხ. ოქტ 9th, 2024

,,ქალში ყოველთვის იქნება ხარისხი, რადგან ქალებს მეტი პასუხისმგებლობა გააჩნიათ. ქალს უფრო მეტი საქმის გაკეთების სურვილიც და შესაძლებლობაც გააჩნია.
ამიტომ რაც უფრო მეტი ქალი მოვა პოლიტიკაში ქვეყანაში ამდენი პრობლემაც არ იქნება. წინა პოზიციებზე წამოიწევს ისეთი საკითხები, რაც დღეს სამწუხაროდ მამაკაცებს გამორჩებათ ხოლმე“ -ასე მიმართა დისკუსიისას პედაგოგმა ნანა გადელიამ შეხვედრაზე მყოფ ქალებს.

დისკუსია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ფოთის მედიაცენტრში პროექტის ,,თანასწორობა იგებს“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდებდა.

შეხვედრას სხვადასხვა სფეროში წარმატებული და აქტიური 20-ზე მეტი ქალი ესწრებოდა. დისკუსია მიზნად ისახავდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და არჩევნებში ქალთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას.

დისკუსიაზე იყვნენ ისეთი ქალებიც, რომლებიც უკვე გახლდნენ კანდიდატები. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა დიდი როლი უკავია ქალთა პოლიტიკაში მოსვლას და კანდიდატი ქალების მხარდაჭერას. ამ კუთხით დისკუსიის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.