შაბ. აპრ 20th, 2024

ფოთელი მეთევზეების მიერ დღეს 12 საათისთვის დაანონსებული აქცია არ გაიმართა.როგორც მეთევზეებმა განმარტეს აქციის გადადება გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების სამინისტროს წარმომადგენლების თხოვნამ განაპირობა. მათ სამი დღე ითხოვეს გუშინდელ შეხვედრაზე მოსმენილი საკითხები გადაწყვეტილების მიმღებ პირებისთვის გასაცნობად.

მეთევზეების თქმით თუ პრობლემა მეთევზეების სასარგებლოდ არ გადაწყდება, ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

მეთევზეებმა აქცია გუშინ მალთაყვის უბანში კოლხეთის ეროვნული პარკში სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ და იმ რეგულაციების გაუქმებას მოითხოვდნენ, რომლის თანახმადაც, პალიასტომის ტბაზე თავისუფალი თევზჭერა და ძრავიანი ნავით გადაადგილება იზღუდება. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვითდაზიანებაც მიიყენა და ვენები გადაიჭრა.

მეთევზეების აქციაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაიაც მხარს უჭერდა მეთევზეების მოთხოვნებს და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებდა.