ხუთ. აპრ 25th, 2024

მდინარე რიონზე ფოთის ურბანულ გზასთან მისასვლელი ხიდის მშენებლობა იგეგმება. ასევე იგეგმება ურბანულ ცენტრთან და პორტის ნაგებობასთან მისასვლელი ურბანული

გზების რეაბილიტაციაც. პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (SUTIP) ფარგლებში საქართველოს გზების დეპარტამენტთან ერთად.

ხიდის მშენებლობის ქვე-პროექტის საჯარო განხილვა უკვე გაიმართა მერიის სააქტო დარბაზში. პროექტის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც პროექტის წარდგენისას ითქვა, ახალი ხიდის მშენებლობა თბილისი-სენაკი-ფოთის მაგისტრალური გზის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება და მნიშვნელოვნად გაზრდის არსებული გზის გამტარუნარიანობას და უზრუნველყოფს ფოთთან შეუფერხებელ კავშირს ჩრდილოეთის მხრიდან. პროექტი ესპანური კომპანია „ევროსტუდიოს“ მიერ მუშავდება. პროექტის მთლიანი ღირებულება 41 მილიონ ლარია.

აზიის ბანკის წარმომადგენლის თქმით ხიდს ექნება პატარა ბოძები, რათა ხიდმა წყლის ჩქარი მოძრაობა არ შეაფერხოს და თევზმაც თავისუფლად იმოძრაოს. ხიდი იქნება 4 ზოლიანი და მისი სიგანე შეადგენს 14,5 მ. დღეისათვის მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, ხოლო მომავალი წლის ზაფხულისათვის დაიწყება მუშაობა.

ხიდის მშენებლობა სავარაუდოდ დაწყებიდან 20 თვის ვადაში დამთავრდება.