შაბ. აპრ 20th, 2024

ფოთში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის გელა გურალიას, ოცამდე ფანი ჩამოვიდა. სტუმრებმა როგორც გვითხრეს, ძალიან უყვართ ფოთელი მომღერალი
და ისიც აღნიშნეს. რომ გელამ მათ საქართველოც შეაყვარა. სტუმრები უკვე მეორედ არიან ჩვენს ქვეყანაში და თითქმის მთელი საქართველო მოიარეს, მაგრამ, მათი თქმით, უპირველესი მიზანი იმ ადგილების გაცნობა ყოფილა, სადაც გელა გაიზარდა. სტუმრებს მასპინძლობა გელას მუსიკის პედაგოგმა დარეჯან გეფერიძემ გაუწია.

სტუმრები თანადგომის სახლსაც ეწვივნენ და ბენეფეციარებს ერთი დღე გაულამაზეს. ,,უკვე მეორედ ვართ საქართველოში. ძალიან მოგვწონს გურალიას შემოქმედება, მისი ხედვა ხელოვნებისადმი. ამ ახალგაზრდა მომღერალმა ბევრ პოლიტიკოსზე მეტი გააკეთა – ჩვენ. რუსებს, გაგვიღვიძა ინტერესი და სიყვარული ქართველი ხალხის მიმართ, ამიტომ უკვე მეორედ ვართ, რომ გავეცნოთ თქვენს კულტურას, ღირსშესანიშნაობებს. გელა ყოველ კონცერტზე მისი ქვეყნის შესახებ ყვება. ვუსმენთ ქართულ სიმღერებს, ძალიან მოგვწონს ჯანსუღ კახიძის შემოქმედება. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაგვიორმაგდა ამ ქვეყნის სიყვარული. ძალიან მიხარია საქართველოში დაბრუნება. საქართველოს ქალაქებიდან ყველაზე საყვარელი ჩვენთვის ფოთია, რადგან ეს გელას ქალაქია. ჩვენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ვართ. ერთმანეთი გელას მეშვეობით სოციალურ ქსელში გავიცანით და საქართველოს ნახვაც გადავწყვიტეთ ” – გვითხრა ერთ-ერთმა ჩამოსულთაგანმა.

დარეჯან გეფერიძეს თქმით, გელას ფანებთან ერთად მოიარეს ნახევარი საქართველო: `დასაფასებელია, ასე რომ უყვართ საქართველო და გელას შემოქმედება. 12 000 ფანი ყავს გელას რუსეთში. მომავალი წლის ზაფხულს ბათუმში იგეგმება გელას სოლო კონცერტი მის ბენდთან ერთად, სადაც ერთ სიმღერას ლელა წურწუმიასთან ერთად იმღერებს”.

ჩამოსული სტუმრების ქველმოქმედებით აღრფთოვანებული დარჩა ფონდი „ქველმოქმედის„ ხელმძღვანელი ია გორგოტაძე: ,,ერთმა ფოთელმა ბიჭმა თავისი ხმით, სიმღერით შეძლო აღეფრთოვანებინა ამდენი ადამიანი და შეეყვარებინა მათთვის თავისი ქვეყანა. მადლობა მინდა ვუთხრა გელას დედას, მის პედაგოგს დარეჯან გეფერიძეს, რომელმაც მთელი თავისი ენერგია ჩადო მის მუსიკალურ აღზრდაში და უნდა აღინიშნოს, რომ შედეგიანადაც. მადლობა მინდა ვუთხრა გელას ფანებს, რომლებიც ქალაქის თანადგომის სახლის 215 ბენეფიციარს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ, მიიყვანეს იქ მუსიკოსები და ერთი ბედნიერი დღე აჩუქეს მათ”.

როგორც გავიგეთ, მომავალ წელს გელა გურალია ფოთში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.