ოთხ. ოქტ 9th, 2024

საუბნო – საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადა 23 აგვისტოს დასრულდა, ამის მიუხედავად, ფოთში სამი უბანი ჯერ კიდევ არ გახლავთ დაკომპლექტებული.

როგორც ფოთის #70 საოლქო-საარჩევნო კომისიაში გავარკვიეთ, ოზურგეთის ერთ და ფოთის ორ უბანზე არ შემოვიდა 5-ზე მეტი განაცხადი. მაშინ, როცა კომისიის 6 წევრი უნდა არჩეულიყო. როგორც საოლქოში გვითხრეს, 8 სექტემბერს ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.

საუბნო -საარჩევნო კომისიების 6 წევრით დაკომპლექტება წელს ახალი წესით მიმდინარეობდა. წინა არჩევნებისას წევრების არჩევა პირდაპირი წესით, ანუ ხელის აწევით ხდებოდა, წელს კი კომისიის თითოეულ წევრს სასურველი კანდიდატი უნდა შემოეხაზა.

თავისუფალი წევრებით დაკომპლექტებულ საუბნო-საარჩევნო კომისიებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აპროტესტებენ. როგორც ნაციონალური პარტიის წევრი გიორგი შამუგია ამბობს: „კომისიაში თავისუფალი წევრების არჩევა სწორედ პარტიული კუთხით მოხდა. ჩვენი პარტიის წარმომადგენელი საოლქო კომისიაში ამის მომსწრეა – როგორ ამბობდნენ განცხადების შესავსებად მოსული კონკურსანტები იმათ სახელებს, ვინც გამოაგზავნა ისინი „ოცნების“ შტაბიდან. კომისიებში არჩეულთაგან ძირითადად, 30 % აიპების თანამშრომელია. საოლქოში ვერავინ იტყვის, ინფორმაცია არ გვქონდაო. მე პირდაპირ შემიძლია დავადანაშაულო საოლქოს ყველა წევრი, მით უმეტეს, ვითომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, რომელთაც ჰქონდათ ინფორმაცია, ჩვენი პარტიის წარმომადგენლისგან, თუ ვინ გამოაგზავნა კონკურსანტები. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები მაინც აღმოჩნდნენ კომისიის წევრებად. საოლქომაც და ოპოზიციურმა პარტიებმაც სირაქლემას პოზიცია დაიკავეს. ნახეთ სიებში, როგორ ჰყავთ აიპების თანამშრომლები გადანაწილებული. ჩვენი ინფორმაციით, საოლქო კომისიის წევრებთან წინასწარ დარეკეს იმ კონკურსანტების შესახებ, ვისზეც საბოლოოდ გაკეთდა არჩევანი, მათ ჩაუტარეს ტრენინგებიც“.

იგივე პრობლემაზე საუბრობს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ქაჯაია. „ყველა უბანზე დამოუკიდებელი წევრის ნაცვლად „ქართული ოცნების” ერთგული აქტივისტია ჩასმული. აზრი არ ჰქონდა გაპროტესტებას, რადგან შეტანილი 14 განაცხადებიდან 12 „ქართული ოცნებისა” იყო, მაგრამ ვცადეთ მაინც და შეტანილი სამი განცხადება დაიბლოკა. ორი თვის წინ, ვინც უნდოდა ოცნებას, ზუსტად ის ადამიანები არიან კომისიებში. ამის შესახებ 2 თვის წინ უკვე ვიცოდი და საოლქოსაც მივმართე. საოლქომ გვითხრა, საერთოდ არ ჩავერევით, წევრები გადაწყვეტენ კომისიების დაკომპლექტებასო და როგორც დაკომპლექტდა, ყველა ხედავს”.

საოლქოში ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი მიშა პაჭკორია განგვიმარტავს: „როცა კონკურსი გამოცხადდა, მოდიოდნენ ადამიანები და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ქართული ოცნების შტაბის მისამართით, თუ როგორ მიიყვანეს სიცხეში ჯერ ოცნების შტაბში და მერე გამოაგზავნეს საოლქოში. სწორედ ასე გავარკვიე, ვისი წარმომადგენლებიც იყვნენ რეალურად. სიას რომ გადახედოთ, ნახავთ, როგორაა ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული, მაგალითად აიპების თანამშრომლები. გურიიდან „მარშრუტკებით” ჩამოყავდათ ის ადამიანები, ვინც სიაში უნდა ჩაესვათ. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა საოლქო ოცნების შტაბი ეგონათ. კომისიაზე დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება და მხარი არ დავუჭირე გარკვეულ პიროვნებებს, ვისზეც მქონდა ინფორმაცია, მაგრამ უმრავლესობით მაინც გავიდნენ. კომისიამ ამაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. მათ შორის ახლებიც არიან და ძველი სახეებიც”.

ოპოზიციონერთა კრიტიკას არ ეთანხმება # 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია. როგორც მან გვითხრა, კონკურსანტთა განაცხადის შემოტანისთანავე, კომისიის ყველა წევრს ეგზავნებოდა იგი და ჰქონდათ საშუალება, თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ: „გარკვეულ ადამიანებთან დაკავშირებით იყო განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მერე შევჯერდით და ყველაფერმა უხმაუროდ ჩაიარა – ჩვეულებრივად თავიანთი პოზიცია დააფიქსირა ყველამ”.
როდონაიამ უარყო ოპოზიციური პარტიების ბრალდება, თითქოს კომისიის 6 წევრიდან უმრავლესობა ქართული ოცნების მხარდამჭერია: „კომისიის წევრებიდან ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ადრე ნაციონალური, ან სხვა პარტიების აქტიური მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ როდესაც ჩვენთან კონკურსანტის განცხადება შემოდის, არ გვევალება, გამოვიძიოთ რომელი პარტიის წევრი ან მხარდამჭერია. ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი გამოცდილებზე”.

ოპოზიციური პატიების ბრალდებაზე, ,,კონკურსამდე საოლქოში შეთანხებულნი იყვნენ და წინასწარ იცოდნენ ვინ უნდა მოხვედრილიყო უბნის სიაში”, საოლქოს თავმჯდომარეს შემდეგი პასუხი აქვს: „ამაზე ბურჭულაძის პარტიის წევრს კინტირაიას ჰქონდა ინფორმაციები – თითქოს, ქართული ოცნების ოფისში იბარებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც უბნების სიებში უნდა მოხვედრილიყვნენ. მითხრა – იმედია არ გააგრძელებთ ნაციონალების მიერ დაწყებულ საქმეს და ამას არ დაუშვებთო. მასაც ვუპასუხე და თქვენთანაც ვიმეორებ – ოლქი კონკურსანტის განაცხადზე აკეთებს რეაგირებას იმის მიხედვით, რა უწერიათ რეზიუმეში. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა საოლქოში კი არ უნდა აპროტესტონ რამე, არამედ გააკეთონ განცხადება ამასთან დაკავშირებით, რაც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ გაუკეთებია. ახლა კი პრეტენზიები აქვთ. შეიძლება ბევრმა ისაუბროს უსაფუძვლოდაც. თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ, თავად უნდა გააკეთოს რეაგირება, ან ოფიციალურად, საჩივრის სახით მომართოს კომისიას”.

საოლქოს თავმჯდომარისთვის უცნობია თუ ვინ გაიარა კონკურსამდე ტრენინგი. „მეც მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ქართულმა ოცნებამ ჩაუტარა ტრენინგები გარკვეულ ადამიანებს, მაგრამ არ ვიცი, კონკრეტულად ვინ გაიარა აღნიშნული ტრენინგები. მე ამაში არ ვერევი. პარტიების პრეროგატივაა, ვის გადაამზადებს საარჩევნოდ და აუმაღლებს კვალიფიკაციას. შეიძლება ის ადამიანებიც ესწრებოდნენ ტრენინგს, ვინც შემოვიდა უბნებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს ჩემი პრეროგატივა არ გახლავთ, არამედ პარტიებისა.“

ჩვენ ე. წ. თავისუფალ წევრებსაც დავუკავშირდით, მათმა უმრავლესობამ დაგვიდასტურა კონკურსამდე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე დასწრება. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ჩვენი კითხვის გაგონებაზე, ტელეფონი გაგვითიშა, ზოგი კი პირდაპირ გვეუბნებოდა, რომ ოცნების წარმომადგენლები იყვნენ.

,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე სამსონ კუტალია კონკურსანტებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ინგა გვასალია

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება
შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას.
შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.