სამ. აპრ 16th, 2024

ფოთში არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციაში ბრიფინგი გაიმართა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ბასილაიას განმარტებით, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბნო საარჩევნო კომისიების უპარტიო წევრებს სამუშაო საათებში იბარებდნენ და არჩევნების.გასაყალბებლად მითითებებს აძლევდნენ.

ამ ფაქტის დამადასტურებლად ფოტო და ვიდეო მასალაც წარადგინეს.

,, ჩვენ ისინი გამოვააშკარავეთ. ეს იყო უხეში კანონდარღვევა. ფოთის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ზვიად შუბითიძე, ,,ქართული ოცნების“ მთავარი გამყალბებელი ბატონი ზაალ კუჭუხიძე „ქალთა კონსულტაციის ცენტრში“ საუბნო საარჩევნო კომისიის თავისუფალ წევრებს იბარებდნენ და უტარებდნენ ინსტრუქციას თუ როგორ აირჩიონ უბნის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი. ასევე აძლევდნენ კონკრეტულ მითითებას როგორ გააყალბონ 8 ოქტომბერს არჩევნები. მინდა ვუთხრა ოცნების თითოეულ წარმომადგენელს ხელი არ წაგიცდეთ და არც კი გაბედოთ 8 ოქტომბერს არჩევნების გაყალბება . ხალხი თქვენს გაყალბებისკენ გადადგმულ ნაბიჯს არ დატოვებს უპასუხოდ. ყველას მოეთხოვება პასუხი. “, – განაცხადა „ნაციონალური პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი ,,ქართულ ოცნებას“ განაჩენს გამოუტანს და ვერანაირი მაქინაციებითა ვერ შეძლებს მმართველი პარტია ფოთში გამარჯვებას .

ფოთის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ზვიად შუბითიძემ უარყო მისი ამ შეხვედრაზე ყოფნა და ინფორმაციის დაზუსტებისკენ მოგვიწოდა.