ხუთ. აპრ 25th, 2024

ფოთის ახალი მოწვევის საკრებულოს რიგით მეორე სხდომა ჩატარდა, რომელსაც საკრებულოს 14 წევრი ესწრებოდა და დღის წესრიგის შესაბამისად 19 საკითხი განიხილეს,

რომელთა უმეტესობა მოქალაქეთა განცხადებები გახლდათ სხვადასხვა ობიექტების საზღვრის შეცვლისა და მიშენების ნებართვების თაობაზე. ადრე ამა თუ იმ მშენებლობაზე ნებართვას მშენებლობის სამსახური გასცემდა, თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსის თანახმად კი, ყველა ნებართვა საკრებულომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.
პირველ რიგში საკრებულოში დაამტკიცეს ფრაქცია `ქართული ოცნების” შექმნისა და ამავე ფრაქციის თავმჯდომარედ ზურაბ ჩაჩუას არჩევის შესახებ ცნობად მიღება.

საკმაოდ ვრცლად განიხილეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცება. M შეადარეს წინა ხელისუფლების დროს არსებული და ახალი წესები. კამათის საგანი გახდა საკრებულოს წევრთათვის სატელეფონო ხარჯების ოდენობა. როგორც სხდომაზე მერიის საფინასო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა სულხან თოლორდავამ განმარტა: `დაახლოებითი ხარჯი, რომელიც ერიცხებოდათ საკრებულოს წევრებს თვიური სატელეფონო საუბრებისათვის, იყო 35 ლარი, საკრებულოს მოადგილეებს 60 ლარი, ხოლო თავმჯდომარეს 100 ლარი, თუმცა თვის ბოლოს ამ თანხების გაუხარჯავი ნაწილი ნულდება და რჩება საკრებულოს ეკონომიაში”. ახალი წესის თანახმად, საკრებულოს ყველა წევრის, მათ შორის თავმჯდომარისა და მოადგილეების, სატელეფონო ხარჯების რაოდენობა თვეში იქნება 50 ლარი. ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე განიხილეს ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ 2014 წლის თებერვლის #6/5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებით მოხდება რამდენიმე სპორტსმენის დაჯილდოება, ასევე სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებსა და ოლიმპიადებში მონაწილე სპორტსმენთა მატერიალური წახალისება, ფულადი პრემიებით ასევე უნდა დაჯილდოვდნენ ის მწვრთნელები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობდნენ სპორტულ შეჯიბრებებში, მაგრამ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამათუ იმ სპორტსმენის წარმატებაში. საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, შეიცვალა კომპეტენცია, ამ საკითხებს ადრე ამტკიცებდა საკრებულო, ახალი კანონით კი მერი, ეს სიახლე არ იწვევს საბიუჯეტო ცვლილებებს, ამიტომ ერთხმად მიიღეს.
სხდომაზე ასევე განიხილეს და ერთხმად მიიღეს ფოთის მუნიციპალიტეტის სახელით საფოსტო-საკურიერო მომსახურების გაწევის შესახებ 2500 ლარის ფარგლებში საქართველოს ფოსტის მიერ მომსახურების გაწევა.
თვითმმართველობის ახალი კოდექსის შესაბამისად შეიცვალა ფოთის დასახელება და თვითმმართველი ქალაქი ფოთის ნაცვლად გახდა ფოთის მუნიციპალიტეტი. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ბლანკებისა და სხვა დოკუმენტაციის შეცვლა. ამიტომ განხორციელდა ცვლილება, ბიუჯეტიდან ჟურნალ-გაზეთების შესასყიდად გამოყოფილ თანხას გამოაკლდა 1000 ლარი, რითაც ახალ ბლანკებს შეისყიდიან.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შავი ზღვის სანაპირო ზოლში მცირე ზომის გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ, ასევე ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება, 2014 წლის 16 ივლისის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. სხდომის ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავამ ისაუბრა სანაპირო ზოლის დაცვასთან დაკავშირებით. როგორც მან დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, იგი უკვე შეხვდა სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელს და ზაფხულის სეზონისთვის სანაპირო ზოლს დამატებით მოემსახურება კიდევ 6 მაშველი. სხვა ქმედითი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა ამ ეტაპზე მერია-საკრებულოს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არ გააჩნია.
DSCN5084