ხუთ. მარ 28th, 2024

ფოთში, მდინარე რიონის სანაპიროზე რკინის ჯიხურში უკვე წლებია ნიჩბოსნობის კომპლექსური სასპორტო სკოლაა განთავსებული.
ნიჩბოსნობის კომპლექსური სასპორტო სკოლა 1999 წელს ნავსადგურის ბალანსზე მყოფ მდინარე რიონის ნაპირას მდებარე შენობაში დაარსდა, ხოლო 2004 წელს ნავსადგურმა შენობა-ნაგებობა გაასხვისა და ქუჩაში დარჩენილმა სკოლამ რიონის მეორე ნაპირას რკინის კონტეინერში დაიდო ბინა, რომელიც როგორც გავარკვიეთ სკოლის დირექტორმა ფრიდონ ბირკაიამ საკუთარი სახსრებით შეიძინა. დღემდე სკოლა ინვენტარითურთ ამ რკინის კონტეინერშია განთავსებული. დღეისათვის სკოლაში 65 სპორტსმენი ვარჯიშობს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე თვის წინ, სანიჩბოსნო კომპლექსური სასპორტო სკოლისათვის ბაზის აშენების სურვილი ნიჩბოსნობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ფოთელმა ბიზნესმენმა ვარტანგ ალანიამ გამოთქვა, მაგრამ მის ამ ინიციატივას საკრებულოში წინააღმდეგობით შეხვდნენ. მიწა სადაც დღეს რკინის კონტეინერია განთავსებული ადგილობრივმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სკოლას არ გადასცა.

ჩვენი ინფორმაციით ამ საკითხის გარჩევისას საკრებულოს ზოგიერთ წევრსა და სანიჩბოსნო სკოლის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მომხდარა, უფრო მეტიც საქმე ხელჩართულ ბრძოლამდეც მისულა. რამდენიმე დღეშივე ისევ საკრებულოს სხვა დანარჩენი წევრების ჩარევის შედეგად სიტუაცია განელებულა. სამაგიეროდ, ქალაქს ამ დაპირისპირებით ინვესტორი დაუკარგავს. საქმე იმაში გახლავთ, რომ სადაც ალანია აპირებდა ბაზის მშენებლობის დაწყებას და ამისთვის ითხოვდა მიწის გადმოცემას, იქვე გვერდით ყაზახი ინვესტორი გეგმავდა სასტუმროს მშენებლობას, მაგრამ ბაზის მშენებლობაზე უარის თქმის გამო უცხოელმაც უარი განაცხადა და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ინვესტიციები ქუთაისში დააბანდა.

მიწის გადაცემაზე უარის თქმას საკრებულოს წევრები ბიზნესმენის სხვა დაინტერესებით ხსნიან და ამბობენ, რომ ალანიას სხვა განზრახვა ამოძრავებდა აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებით.

,,იქ ბაზა კი არა ნავების ,,გარაჟი” კეთდებოდა, მაქსიმუმ დაიხარჯებოდა 50 000 ლარი. ამ მიწის 50 000 ლარად გაყიდვა მაზოხისტობაა“- განაცხადა საკრებულოს წევრმა მალხაზ ბუკიამ. ,,გარაჟი“ თუ ბაზა ამაზე კომენტარი ვახტანგ ალანიასაც ვთხოვეთ. მისი მტკიცებით ის აპირებდა სანიჩბოსნო ბაზის მშენებლობას, რომლის აშენება რამდენიმე წელზე იქნებოდა გათვლილი:

,,ქალაქმა არ გამოყო მიწა და ჩემი სურვილი, რომ ამეშენებინა ბავშვებისათვის სანიჩბოსნო სკოლის ბაზა არ განხორციელდა. პროექტი რამდენიმე წელიწადზე იყო გაწერილი, პირველ ეტაპზე პროექტით სამუშაოები 100 000 ლარამდე იყო გათვლილი _ ნავების შესანახი, გასახდელები და ელემენტარული პირობა. თუმცა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით, უარი მივიღეთ მიწის გადმოცემაზე. არ შეიძლება დღეს სკოლა კონტეინერში იყოს განთავსებული, თანაც თუ იქ გაშენდებოდა სპორტული ბაზა, ყაზახი ინვესტორები სასტუმროს გააშენებდნენ, უარის შემდეგ მათ ინვენსტიცია ქუთაისში განახორციელეს. ფოთი კვლავ წაგებული დარჩა.“