პარ. მარ 29th, 2024

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
ამ მემორანდუმით, მხარეები თანხმდებიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შრომით ურთიერთობებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე და შრომით ურთიერთობებში დაზარალებული პირების უფლებების დაცვაზე. შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე განხორციელდება ერთობლივი საზოგადოებრივი მონიტორინგი და შემუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები.

მუნიციპალიტეტის და პროფკავშირების გაერთიანების შეთანხმების შესაბამისად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო, კვლევით და საგამომცემლო საქმიანობას ბიზნესის წარმომადგენლებისა და დამსაქმებლებისთვის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ევროპული გამოცდილების გასაცნობად. ასევე, წარიმართება ერთობლივი კამპანიები სოციალური დიალოგის, შრომითი უფლებებისა და შრომის ბაზრის ინსტიტუტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.

მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად დაგეგმილია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

მხარეები ხელს შეუწყობენ იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც განსაზღვრულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ადამიანის შრომით უფლებების დაცვასა და მათი ეფექტურ განხორციელებას ეხება.
მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირების ფოთის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარედ ნათია ჩოკორაიას, მოადგილეებისა და კომიტეტის წევრების არჩევა. ასევე პროფკავშირის წევრებისთვის გაიმართა ამერიკული ორგანიზაცია სოლიდარობის ცენტრის მიერ დაფინანსებული სემინარი შრომით უფლებებზე.