პარ. აპრ 19th, 2024

ფოთის ქუჩებში ავტომანქანების პარკირება უკვე დაიწყო. პარკირების სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოცხადა.
თუმცა მონაწილეობა მხოლოდ ერთმა, შპს ,,ფოთმა“ მიიღო და ავტომატურად გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა. ხელშეკრულების თანახმად, პარკირების სამუშაოები ექვსი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. არსებული პარკირების შესახებ შპს „ფოთის“ დირექტორს, დავით შონიას თავისი მოსაზრება გააჩნია და ამბობს, რომ არსებული გადასახადების ამკრეფი სამსახურის თანამშრომლები თვთნებურად მუშაობდნენ. შონიას მტკიცებით ,,დისპეტჩერები” თვითნებურად იდგნენ, არც არავინ აკონტროლებდა და არც რაიმე სახის გადასახადი შეჰქონდათ ბიუჯეტში.

როგორც გავარკვიეთ, პარკირება მოხდება ფარნავაზ მეფის, ჭანტურიას, ლოლუას, ლაგრანჟეს, მემედ აბაშიძის ქუჩებზე, დადიანის ძეგლთან, დავით აღმაშენებლის გამზირზე, რუსთაველის რკალსა და რკანიგზის მოედანზე. საბოლოოდ კი მოხდება მთლიანად ფოთის პარკირება:

,,ჩვენ დავიწყეთ და ნელ-ნელა ვაკომპლექტებთ. ვამონტაჟებთ ტრაფარეტებს, სამარშრუტო ტაქსების სადგომები ცალკე უნდა გაკეთდეს. ფასების გადახდის რამდენიმე ვარიანტი განიხილება, არის აგრეთვე სააბონენტო გადასახადიც, რომელიც, სავარაუდოდ, თვეში 25 ლარი იქნება. ყოველდღიურად მძღოლები თითო ლარს იხდიდნენ ავტომანქანების პარკირებაზე და თუ სააბონენტოს აიღებენ, ნაკლების გადახდა მოუწევთ. ეს ბარათი მოქმედებს ქალაქის ნებისმიერ ადგილას”- განაცხადა შონიამ.

შონიასვე განმარტებით მოქალაქეს პარკირებისას ერთ საათამდე 30 თეთრის, ხოლო ერთ საათზე მეტისას, ერთი ლარის გადახდა მოუწევს.

ქალაქში პარკირების შემოღებას ფოთელები არაერთგვაროვნად შეხვდნენ. ნაწილისათვის ეს კიდევ ერთი მომატებული გადასახადებია, ზოგისათვის კი აუცილებელი საქმე.