პარ. აპრ 19th, 2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტების შესახებ შევეცადეთ გამგებელისგან გაგვეგო, მაგრამ როგორც გვითხრეს,
მისი პოვნა კაბინეტში გაგვიჭირდებოდა: „თუ მისი პოვნა გინდათ, ბაბუ, მას სადმე ობიექტზე, ქუჩაში უფრო ნახავთ ხელდაკაპიწებულს, ვიდრე კაბინეტში“- სიამაყენარევი ხმით გვითხრა ერთმა ჩხოროწყუელმა. ჩვენც როგორც იქნა „მოვიხელთეთ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა.

საუბარიც საბავშვო ბაღების თემით დავიწყეთ:

-წლების განმავლობაში ჩხოროწყუში საბავშვო ბაღების შენობების პრობლემა იდგა. რაიონულ ცენტრშიც კი არ არსებობდა ბაღი. რა მდგომარეობაა დღეს?

-ფაქტიურად ძალიან მისახედი გახლდათ საბავშვო ბაღები. მარტო წელს შენდება 4 საბავშვო ბაღი, აქედან ერთი დასრულებულია – გარახის ბაღი 50 აღსაზრდელზე. უკვე თვის ბოლოსთვის დასრულდება ცენტრში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 200 ბავშვზეა გათვლილი. შენდება ჭოღისა და ახუთის ბაღები. გარდა ამისა, რამდენიმე საბავშვო ბაღს უკეთდება რეაბილიტაცია. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა 2017 წლამდე. ფაქტიურად, ჩვენს რაიონში ყველა საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ჩვენს ბავშვებს ნორმალურ გარემოში მოუწევთ ყოფნა. ეს არამარტო საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, იქ დასაქმებული ადამიანებისთვისაც უდიდესი შვებაა, რადგან ისეთ გარემოში, როცა არ იცი, რა დაგეცემა თავში, ან როდის ჩაგენგრევა იატაკი, მუშაობა ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, ასეთი მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ. ახლა, რომ შეხვიდეთ ბაღებში, ვერსად ნახავთ მორყეულ იატაკს, ვინაიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ვახორციელებთ ინფრასტრუქტურული პროექტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, პრიორიტეტად დავისახოთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წლამდე, დაახლოებით 15 ათასი ლარი იყო დახარჯული სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, რაც მიზერული თანხაა, ისიც მოხრეშვებზე იყო გახარჯული. მიმაჩნია, რომ ეს გაუმართლებელია და წყალში ჩაყრილი თანხაა. დღეს პირიქითაა – ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დავხარჯეთ მარტო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კონკრეტულად სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.

-გარდა ბაღების მშენებლობისა სხვა რა ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეთ?

-4 ხიდი ავაშენეთ. ავარიულ მდგომარეობაში მყოფ 100 მეტრიან ლეწურწუმეს ხიდს რეაბილიტაცია გავუკეთეთ – გამაგრებითი სამუშაოები 200 ათასი ლარი დაჯდა, ასევე რამდენიმე მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ. ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩავატარეთ თითქმის ყველა თემში. გზების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, 2013 წელს დავიწყეთ მუხური – თაიას დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის ასფალტირება, ასევე ახუთის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე გაკეთდა ასფალტი. მომავალ წელს დასრულდება ნაკიანი- ჩხოროწყუს დამაკავშირებელი თითქმის 7 კილომეტრიანი მონაკვეთისა და ამავდროულად კირცხი- ხობის დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება. ეს ის ადგილებია, სადაც ყველაზე მეტად საჭიროა ასფალტირებული გზები, რომ რაიონი რაიონს დაუკავშირდეს. მომავალი წლისთვის იგეგმება ორი ხიდის მშენებლობა, რომელიც მრავალმილიონიანი პროექტია. ეს გახლავთ ჩხოროწყუ – ზუგდიდის დამაკავშირებელი და მდინარე ოჩხომურზე ლესიჭინეში 100 მეტრიანი ხიდის მშენებლობა. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მომავალ წელს უკვე ხობი-ლესიჭინე-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი 7 კილომეტრიანი ასფალტირებული გზის საფარის დაგება იგეგმება.

რაც შეეხება კიდევ ერთ პროექტს – წყლის სისტემების რეაბილიტაცია, როგორც სოფელ ნაფიჩხოუში, ასევე მუხურში 800 ტონიანი ბასეინი აშენდა, რომლითაც მომარაგდება მთლიანად მუხურის ტერიტორია და ჩვენ უკვე მზად გვაქვს მილიონ ას ორმოცი ათასი ლარიანი პროექტი, რომელიც შიდა დაქსელვას ითვალისწინებს გამრიცხველიანებით და პერსპექტივაში ზუმი, ხაბუმე და თაია წყლით მომარაგდებიან. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დავატყოთ ჩვენი ხელი, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ისე ტურიზმისას, ვინაიდან ტურიზმი ჩვენთან დღესდღეობით ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია, რომელსაც, სამწუხაროდ, ყურადღება არ ექცეოდა და ვერ მიექცა წინა წლების განმავლობაშიც. ჩვენ ვცდილობთ, ახლა განვავითაროთ ის მარშრუტი, როგორიცაა მუხური – ლუგელა და ტობავარჩხილი-მაგანა- მესტიის ხეობა. წელს რამდენიმე ათასი უცხოელი ტურისტი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ. სამწუხაროდ, ველური ტურიზმია ჯერჯერობით ჩვენთან განვითარებული. ყველაფრის აღრიცხვა და ჩარჩოში მოყვანაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ განვითარდება. ტურიზმის განვითარების მიზნით, წელს ჩავატარეთ ბიზნესფორუმი.

– საინტერესოა, მოახდინა თუ არა ამან რაიმე სასიკეთო გავლენა პროექტების მოზიდვის კუთხით?

-რათქმა უნდა, სამ პროექტზეა განაცხადი უკვე შემოსული. ერთი პროექტი უკვე განხორციელების სტადიაშია და ფაქტიურად დღე-დღეზე გაიხსნება თხილის საამქრო. გამოხმაურება გვაქვს ჩირის საშრობთან და დამზადების და დაფნის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე რეგიონში ასეულობით მილიონიანი დიდი პროექტები განხორციელდება,სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება. თავად ჩვენს რაიონში იწყება რამდენიმე ჰესის მშენებლობა, რომელშიც 160-დან 170 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია იდება და რამდენიმე ათეული ჩვენი მოქალაქეც დასაქმდება.

-ძალიან კარგია, რაც გაკეთდა, მაგრამ წლის ბოლო ახლოვდება და ხომ არ დაგრჩათ ისეთი საკითხი, რისი განხორციელებაც ვერ მოასწარით?

-ჩვენი უმთავრესი ამოცანა გახლდათ ახალგაზრდებისთვის სპორტის სასახლის მშენებლობა. დაწყებული გვაქვს მუშაობა და ვიმედოვნებთ, ახლო მომავალში ავაშენებთ კიდეც. განუხორციელებელში ვერ ჩავთვლი კულტურის სახლის რეაბილიტაციას, რადგან მომავალი წლიდან იგეგმება. ასევე განვაახლეთ წმინდა დავით აღმაშენებელის საკათედრო ტაძრის მშენებლობა.

-არჩევნებიც ახლოვდება. მოგეხსენებათ, ხალხი უფრო მეტს მოელოდა მმართველი პარტიისგან, დაპირებაც უხვად იყო გაცემული, მაგრამ არ შესრულდა და საზოგადოებაც ითხოვს დაპირების შესრულებას. ამ კუთხით რა მდგომარეობაა ჩხოროწყუში?

-ხარვეზების გარეშე არ არსებობს არაფერი. არც მე ვარ ჩემი საქმიანობით კმაყოფილი, როცა მეტის მოლოდინი აქვს ხალხს. გარწმუნებთ, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ ამაზე არ ვყვირივართ გამუდმებით. ძალიან ბრძენია ჩვენი საზოგადოება, მან სწორი არჩევანი გააკეთა. იმედი გვაქვს, ჩვენც გავამართლებთ მათ ამ არჩევანს და სამ წელიწადში კარდინალურად უკეთესობისკენ შეცვლილი მდგომარეობა იქნება ჩვენს რაიონში. მე, როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი, ისე ვამბობ ამას. იმ გამოწვევებს, რომლის წინაშე ვდგავართ, ვაცნობიერებთ და შემუშავებულიც გვაქვს სტრატეგია, რომელიც უმთავრეს მიზნამდე – ხალხის კეთიდღეობის გაზრდისკენ – მიგვიყვანს. რაც ხალხს სურს, იმას უსიკვდილოდ განვახორციელებთ.

-თქვენს წინასაარჩევნო დაპირებას ხომ ვერ გაიხსენებთ, რომელიც შესრულდა უკვე…

-ძალიან ბევრი შესრულდა, რასაც პირადად დავპირდი ჩემს ხალხს. მე კიდევ მაქვს 2017 წლამდე ლეგიტიმური დრო. ფაქტიურად, დაპირების 90 % შესრულებული იქნება. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც 90 % შეასრულებს და ჩვენ შევასრულებთ ამას. პირდაპირ გეუბნებით – რასაც დავპირდით, ყველაფერს შევასრულებთ ჯანდაცვასთან, ბაღებთან, გზებთან, ხიდებთან, ხელფასებთან დაკავშირებით. პირველი რაც გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ისაა, რომ ხალხს თავისუფლება მიანიჭა. ჩვენს რაიონში არ არსებობს ისეთი ფაქტი, ვინმეს თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება ეზღუდებოდეს. ჩვენთან ნაციონალების აქტივისტებიც მუშაობენ. ვიცით, მაგრამ არ ვდევნით ამის გამო არავის. ჩვენ არ ვართ “ნაციონალური მოძრაობა” და არ ვიმოქმედებთ იმ ტირანული რეჟიმის მეთოდებით. ჩვენ ვართ “ქართული ოცნება” და ეს ოცნება რეალობად უნდა ვაქციოთ. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი მიზანია.

-ჩვენი ინფორმაციით თქვენ სხვა თანამდებობაზე გადაყავხართ. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?

-არა, ამის შესახებ საქმის კურსში არ ვარ. თქვენგან გავიგე პირველად. არავინ არ ყოფილა ჩემთან ამ შემოთავაზებით. ასე რომ, მე 2017 წლამდე ამ თანამდებობაზე ვრჩები ჩემი რაიონისა და თანამოქალაქეების სამსახურში.