პარ. მარ 29th, 2024

ფოთში დავით აღმაშენებლის ხიდიდან ცოტნე დადიანის ხიდამდე მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროს კეთილმოწყობასთან დაკავშირებით ქალაქის მუნიციპალიტეტსა და შპს ‘’ლუკას’’-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პროექტის ფარგლებში შოთა მეგრელიშვილის სანაპიროს მთელ ზოლზე დაიდგმება ნაგვის ურნები, გაკეთდება განათების ბოძები და მოეწყობა ავტოპარკინგის ზოლი.

პარკინგის მომსახურებას უზრუნველყოფს ფოთის მუნიციპალიტეტი. აღნიშნულ სანაპიროზე აშენებული ბულვარის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობას შპს „ლუკა“ უზრუნველყოფს თავისი ხარჯებით. რიონის მარცხენა სანაპიროს მოწყობისთვის დაიხარჯება 71 371 ლარი. ყოველთვიურ მოვლა- პატრონობას დაჭირდება 1000 დან-1500 ლარამდე.

შპს „ლუკას“-ს დირექტორის თეა ბელქანიას თქმით:

„ოთხი წელია, ამ პროექტის განხორციელებას ვითხოვთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პროექტს ამ დრომდე განხორციელება არ ეღირსა, რადგან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობდა. ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობდა, რომ აქ ბულვარი არ ყოფილიყო, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, ეს საკუთარი ნერვების ფასად მოპოვებული მემორანდუმია. მიუხედავად მოყენებული დიდი შეურაცხყოფებისა, ღირდა ამ მემორანდუმისთვის მოთმენა, რადგან ქალაქის საკმაოდ დიდი ნაწილი მოწესრიგდება. ნაგავსაყრელად ქცეული რიონის მარცხენა სანაპირო ერთ მშვენიერ დღეს იქცევა ბულვარად. ფოთი ინვესტორებით ნამდვილად არ არის განებივრებული, თითზე ჩამოსათვლელად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც დადებს საკუთარ თანხებს და უკან არაფერს მიიღებს. ეს იქნება ჩვენი საჩუქარი ქალაქისთვის, როგორც მერიის, ისე ჩვენი ფინანსური ინტერესები აქ ნულია“.

ბელქანია სანაპიროზე არსებულ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული შეთავაზებას სთავაზობს. მისი განმარტებით მათ ვისაც არ გააჩნიათ სავაჭრო ადგილები ისინი ორი თვის განმავლობაში უფასოდ მიიღებენ ფართს და არც ერთი გარემოვაჭრე არ დაზარალდება.

პროექტის განხორციელებას მიესალმებიან გარემოვაჭრეებიც. როგორც გვითხრეს მათაც სურთ, მოწესრიგებული სანაპირო ზოლი. თვლიან, რომ ეს კლიენტების მოზიდვასა და ვაჭრობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.

მარიამ ალიხანაშვილი