შაბ. აპრ 20th, 2024

დღეს ფოთის ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში  სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წელი ყველგან საზეიმო ვითარებაში დაიწყო.ზეიმში მონაწილეობა ადგილობრივმა მთავრობამაც მიიღო. ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ და რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა ქორქიამ  სწავლის დაწყება რამდენიმე სკოლას თავად მიულოცეს.

ფოთში სულ 11 საჯარო და 3 კერძო სკოლაა. წელს ფოთის საჯარო სკოლაში 480 პირველკლასელი მივიდა.განათლების სამინისტრომ წელსაც ტრადიცია არ დაარღვია და 480-ვე პირველ კლასელს განახლებული პორტაბელური კომპიუტერი – ბუკი საჩუქრად გადასცა.

წელს პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად მიმდინარეობდა. მათთვის, ვინც გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაციის დროულად გავლა, დამატებითი რეგისტრაცია ჩატარდა პირველად ორ სექტემბერს. ეს ეხებოდა იმ სკოლებს,სადაც არსებობდა ვაკანტური ადგილები.

ბუქები ასევე გადაეცათ პირველი კლასის ხელმძღვანელებსაც, დამრიგებლებსაც, რათა სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩაერთონ. ამავე დროს, პირველივე დღესვე უფასოდ სახელმძღვანელოების კომპლექტი გადაეცა მოსწავლეებს. ფოთის საჯარო სკოლებში დაახლოებით 5652 მოსწავლე ისწავლის.

წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფოთის მე-6 საჯარო სკოლის შენობის ფასადისა და გადახურვის რეაბილიტაციისთვის 160 ათასი ლარი გამოეყო,ხოლო მე-8 საჯარო სკოლისთვის 175 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი .

ამჟამად , სკოლის შენობის სახურავი განახლებულია, მთლიანად შეიცვალა ხის კონსტრუქციები და ძველი თუნუქის ფურცლების ნაცვლად, მეტალოკრამიტით დაიფარა სახურავი. შეიცვალა ძირითადი კორპუსის შესასვლელი კარები.