ხუთ. აპრ 18th, 2024

დღეს ფოთის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი მოწმის გამოუცხადებლობის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო საწარმოო ტრამვამიღებული გივი აკობიძის სასამართლო პროცესი და მომდევნო სხდომა 20 აგვისტოსთვის ჩაინიშნა.

ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია, რაც განპირობებულია საწარმოების ადმინისტრაციის მხრიდან ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების იგნორირებით, ქვეყანაში შრომის ინსპექციის არარსებობით. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ, რომ სამშენებლო სექტორში ფიქსირდება. უსაფრთხოების წესების იგნორირების შედეგად ზარალდებიან სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებულები.

ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე #138/44-ში მცხოვრებმა გივი აკობიძემ, 9 თებერვალს ნაბადის წყალმომარაგების ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაობისას მიიღო ტრამვა და დაახლოებით 7 თვეა საწოლსაა მიჯაჭვული. ტრამვის შედეგად ორივე ფეხი პარალიზებული აქვს, რის შედეგადაც მას მეორე ჯგუფის ინვალიდობა მიენიჭა. როგორც დაზარალებული გვიყვება, გარდა ამ „წოდებისა“, სხვა არანაირი დახმარება აქამდე არ მიუღია არც იმ კომპანიისგან და არც იმ სამშენებლო ობიექტისაგან, სადაც დაზარალდა. მას სხვა გზა არ დაუტოვეს და უყურადღებობებით აღშფოთებულმა სასამართლოს მიმართა, რადგან ვერაფერი მიიღო ვერც მკურნალობისათვის საჭირო თანხები და ვერც სხვა რამ დახმარება, რაც მას კანონით საწარმოო ტრამვის შემთხვევაში ეკუთვნოდა.

საწარმოო ტრამვამიღებულმა აკობიძემ სასამართლოში ორივე კომპანიას – „პრაიმ ბეტონსა“ და „კობრა ჯორჯიას“ უჩივლა. როგორც გვითხრა, სასამართლო პროცესებიც რაღაც მიზეზების გამო, უკვე რამდენჯერმე გადაიდო და მომდევნო პროცესი 20 აგვისტოსაა ჩანიშნული.

დაზარალებული აკობიძე ტრამვის მიღების დღეს იხსენებს და თვლის, რომ უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე სათანადოდ არ იყო დაცული, რამაც მისი ტრამვირება გამოიწვია;

„ჩვეულებრივად ვმუშაობდი. 6 მეტრის სიმაღლე ხარაჩოზე ვიდექი და ვმუშაობდი, როცა ტერიტორიაზე სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო მანქანა შემოვიდა, რომელიც დაეტაკა ხარაჩოს, რომელზეც ვიდექი, ჩამოვვარდი და მივიღე ორივე ფეხის ტრამვა“.

აკობიძე მიიჩნევს, რომ კომპანიის მესვეურებს ამ ფაქტის გახმაურება არ სურდათ და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ მომხდარში. აკობიძე კომპანიაში სხვა შრომითი უფლებების დარღვევაზეც საუბრობს, მაგალითად, არ არსებობს შრომითი ხელშეკრულებები და მუშები ისე ყავთ დასაქმებულნი. მას ამის დასადასტურებლად საკუთარი მაგალითი მოყავს, თუ როგორ მოაწერინეს ხელი უბედური შემთხვევის დღეს მანქანაში ხელშეკრულებაზე, როცა ქუთაისში გადაყავდათ საოპერაციოდ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ხელშეკრულება 1 თებერვლით ყოფილა დათარიღებული, სინამდვილეში კი 2014 წლის აგვისტოდან მუშაობდა „პრაიმბეტონში“.

„ სავადმყოფოში გადაყვანის დღეს მომიტანეს რამდენიმე ფურცლიანი ხელშეკრულება. მთხოვეს – არ დაგვღუპო, მოგვიწერე ხელიო. მაშინ ვუთხარი, თუ დამეხმარებოდნენ, მიმკურნალებდნენ, თანახმა ვიქნებოდი, დამპირდნენ და მეც მოვაწერე ხელი. მაგრამ მათი დაპირება ტყუილი აღმოჩნდა და არაფერში დამხმარებიან. მეტიც, არაფრად მიაჩნიათ ჩემი მძიმე მდგომარეობა და ამბობენ – არაფერი უჭირს, მალე გაივლისო. არადა, ექიმები მეუბნებიან, რომ თუ გავიარე, რაც საეჭვოდ მიაჩნიათ, შესაძლოა განგრენაც განვითარდესო. მითხრეს, მთელი ცხოვრება ეტლით ან კასტელებით გექნება სასიარულოო. ესენი კი ექიმებზე “ჭკვიანები” არიან”.

დაზარებულ აკობიძეს ჯანმრთელობის პრობლემების გამო სოციალური პრობლემაც გააჩნია – მას ბანკიდან იპოთეკური კრედიტი აქვს გამოტანილი, რასაც რამდენიმე თვეა, უკვე ვერ იხდის უხელფასობის გამო და პროცენტებიც იზრდება. როგორც დაზარალებული ამბობს, მას კრედიტის გადახდა არ უჭირდა, როცა შრომისუნარიანი გახლდათ.

ჩვენ ნაბადის წყალმომარაგების ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს ვეწვიეთ საკითხის გასარკვევად. აქ საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში სასმელი წყლით ოცდაოთხსაათიანი მომარაგების პროექტს ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და საკომუნიკაციო სისტემების მშენებლობა-დამონტაჟება.

ადგილზე მისულებს ხელმძღვანელობა გასული დაგვხდა. სამუშაოთა მწარმოებელმა გიორგი გვასალიამ ოფიციალური საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ როგორც გვითხრა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანური სამშენებლო კომპანია „კობრა ჯორჯია“, მას, თავის მხრივ, ჰყოლია რამდენიმე ქვეკონტრაქტორი ფირმა, რომელთანაც ხელშეკრულება აქვს დადებული. გვასალიას თქმით, სწორედ ეს ქვეკონტრაქტორი კომპანიები გახლავთ პასუხისმგებელნი უსაფრთხოებაზე და არა „კობრა ჯორჯია“, რადგან მათ ეს ხელშეკრულებით ეკისრებათ:

„ჩვენ არ გვყავს მუშები, სამუშაოებს ჩვენი ქვეკონტრაქტორები ასრულებენ, იმ შემთხვევის დროსაც სამი ქვეკონტრაქტორი კომპანიის მუშები, დაზარალებული აკობიძე და და იმ სატვირთო მანქანის მძღოლი მუშაობდნენ. ჩვენ არანაირი პასუხისმგებლობა არ გვეკისრება, რადგან სწორედ ის ქვეკონტრაქტორი კომპანიები არიან პასუხისმგებლები უსაფრთხოებაზე. ხელშეკრულებაშიც უწერიათ ამის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან ჩვენი უცხოელი ხელმძღვანელებიც და როგორც ამბობენ, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შესაბამისად გავწევთ დახმარებასაც. რასაც სასამართლო დაგვაკისრებს“.

ჩვენ ხელშეკრულების ნახვა მოვითხოვეთ, მაგრამ გვასალიამ ხელშეკრულების ადგილზე უქონლობა მოიმიზეზა და არ ჩაგვახედა ხელშეკრულების პირობებში. შევეცადეთ „პრაიმბეტონის“ ხელმძღვანელობის ნახვასაც, მაგრამ მათთან დაკავშირება ვერ შევძელით. როგორც აკობიძეები ამბობენ დანებებას არ აპირებენ და გასაჩივრებას შეეცდებიან.

ინგა გვასალია, ფოთი