პარ. მარ 29th, 2024

წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის დატერორების, ბიზნესმენების გაკოტრებისა და ბიზნესის წართმევის ფაქტები ძალიან ხშირი გახლდათ.

ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად ჩვენი თანაქალაქელი სწავლული აგრონომები, ნიადაგმცოდნე-აგროქიმიკოსები, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორები ვიოლეტა კუცია და ოთარ ქირია გახლავთ. როგორც ისინი გვეუბნებიან, 1993 წელს ფოთის მერის #630-ე განკარგულებით რეგისტრაციაში გაატარეს ადგილობრივი მუნიციპალური საწარმო ,,ნერგები”, რომელსაც სახაზინო საწარმოს სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და რომლის დირექტორიც ვიოლეტა კუცია გახლდათ. როგორც კუცია ამბობს, 1998 წლიდან იჯარის ხელშეკრულებით 20 წლის ვადით დაკავებული აქვთ 5,4 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც წლების განმავლობაში ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი მოყავთ. ქალბატონი ვიოლეტა როგორც ამბობს, იმ დროისთვის საქართველოში ერთ-ერთი პირველი ბიოფერმერული მეურნეობა სწორედ მათ გააკეთეს და იმასაც იხსენებს, იმ უმძიმეს წლებში როგორ შეინარჩუნეს ტერიტორია:

,,მეურნეობის ტერიტორია სანახევროდ ღობეშემოძარცვული და ეკალბარდებით იყო დაფარული. აქ მდგარი ადმინისტრაციული შენობა საცხოვრებლად პრაქტიკულად უვარგისი გახლდათ. მოგეხსენებათ, არ იყო შუქი, წყალი და სხვა აუცილებელი პირობები. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ საქმიანობა გვიწევდა ტოტალური ქურდობის ფონზე. ფინანსურადაც ძალიან გვიჭირდა – მიწის დასამუშავებლად ტექნიკა არ გაგვაჩნდა და დავიწყეთ ინვესტორის მოძიება. ნავსადგურის მეურნეობასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, მაგრამ სამი წლის შემდეგ დამხმარე მეურნეობა გაუქმდა და ისევ დავდექით პრობლემის წინაშე. 1997 წელს მეორე ინვესტორი გამოჩნდა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის სახით. თავდაპირველად მათთან მუშაობა ძალიან ნაყოფიერი გახლდათ, მაგრამ შემდეგ მან მეურნეობის წართმევა მოინდომა, როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ქართველი მეუღლის რჩევით. მაგრამ ფოთის მაშინდელმა მერმა ვანო ზოდელავამ არ დაუშვა ჩვენთვის ბიზნესის წართმევა და მისი დახმარებით გავაფორმეთ საიჯარო ხელშეკრულება 20 წლის ვადით”.

ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ შეცვლილი დამოკიდებულება

როგორც მეცნიერი ბიზნესმენები ამბობენ, მათ ბიომეურნეობის განვითარებაში ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანიაც უწყობდა ხელს, რადგან მისი სურვილიც ყოფილა ამ ტიპის მეურნეობების საქართველოში დანერგვა და განვითარება, მაგრამ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება. როგორც ცოლ-ქმარი ეჭვობს მათზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლა და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები მათი ბიზნესის წართმევის მიზნით ხდებოდა. ამ ეჭვს მათ ისიც უძლიერებს, რომ ქონება დაუყადაღეს და გარკვეული სახის თანხა ,,შეაწერეს,,. წლების განმავლობაში მეურნეობაში შუქის შეყვანის უფლებასაც არ აძლევდნენ. როგორც ისინი ამბობენ, სულზე მოუსწრო არჩევნებმა და ახალი მთავრობის მოსვლის მერე მათთვის მიწის ჩამორთმევა ვეღარ მოასწრეს.

ფოთის მერმა პრივატიზება მიზანშეუწონლად მიიჩნია

ახალი მთავრობის პირობებში და მათ მიერ ბიზნესის ხელშეწყობის ხმამაღალი განცხადებების მერე, მეცნიერმა ცოლ-ქმარმა მეურნეობის პრივატიზება მოინდომა და წერილობით მიმართეს შესაბამის უწყებებს, მაგრამ ამ პროცესის ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხეს. მეტიც, ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის უფროსისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში ხსენებული ნაკვეთის პრივატიზება მიზანშეუწონლად მიიჩნია, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ ნაკვეთის იჯარით გაცემა კანონს არ ეწინააღმდეგება.

როგორ უწუნებდა მეცნიერებს მეცნიერულ მუშაობას და როგორ ემუქრებოდა ამ საქმიანობისთვის სოლიდური თანხით დაჯარიმებას ან ციხეში ჩასმას კანკავა

ქალაქის მერის ამ გადაწყვეტილებას ,,ამყარებს,, ქონებისა და პრივატიზების სამსახურის უფროსი გოჩა კანკავა:

,,სახელმწიფო ტერიტორიაა და რატომ უნდა დაურეგისტრირდეს? უკანონოდაა შეჭრილი და უნებართვოდ ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე. ეს მიწა სასოფლო – სამეურნეო დანიშნულებისაა, რომელიც თვითმართველობამ 2000 წლამდე გადასცა სახაზინო საწარმოს იჯარით. იმის დირექტორი გახლდათ კუცია. საწარმო ლიკვიდირებულია. შესაბამისად, მოხდა საჯარო რეესტრში ჩანაწერის გაუქმება ამ რეგისტრაციისა და დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად იჯარის გარეშე. ეს პიროვნება არანაირი უპირატესობით ან უფლებით არ სარგებლობს და სახელწიფოც ვალდებული არაა, კუციას დაუკანონოს ეს მიწა. რატომ ითხოვს მის დაკანონებას და რის საფუძველზე ითხოვს, ვერ ვხვდები. არ ვიცი, რა ბიოქიმიური პროცედურებია და ვის დაკვეთას ასრულებენ, ან სად არიან გაფორმებულები, ვერ ვხვდები,,.

ასეთი აგრესიული დამოკიდებულების მიუხედავად, ვერც კანკავა გაექცა კანონს და იჯარით მიწის აღების შესაძლებლობა ,,დაუშვა,,, თუმცა როგორც აღნიშნა ამასაც თავისი პროცედურები ქონია. კერძოდ, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს.

სხვათა შორის, როგორც ჩვენი რესპოდენტები ამბობენ, გოჩა კანკავა წინა ხელისუფლების დროსაც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა და მის მიმართ გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამენ. კერძოდ, იგი ხშირად ,,უწუნებდა,, მათ მეცნიერულ მუშაობას და წარმოებას და ამ საქმიანობისთვის სოლიდური თანხით დაჯარიმებით ან ციხეში ჩასმით ემუქრებოდა, რაც წინა ხელისუფლების დროს ფრიად აპრობირებული მეთოდი გახლდათ. კანკავა ციხეში ჩასმის მუქარას რა თქმა უნდა, უარყოფს, მაგრამ დაჯარიმებით დამუქრებას ადასტურებს:

,,სად მიაქვთ წარმოებული პროდუქტი? რა ექსპერიმენტებს აწარმოებენ? გადასახადს დაგარიცხავთ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვისო კი ვუთხარი, მაგრამ დამჭერი ორგანო მე არ გახლავართ, ამით რომ დავმუქრებოდი. დაჯარიმდება, რადგან უკანონოდ შეჭრილია სახელმწიფო ქონებაში და თუ განახორციელა სამეწარმეო საქმიანობა, ამის დამტკიცების შემთხვევაში, დაერიცხება ქირა საბაზრო ღირებულებით,,.

ჩვენ კანკავას მეწარმე ცოლ-ქმრის ეჭვის შესახებაც ვკითხეთ. მან არც უარყო და არც დაადასტურა, რომ შესაძლოა ,,ძლიერთა ამა ქვეყნისათა,, რომელიმე წარმომადგენელს თვალი ეჭიროს 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც კარგად განაშენიანებულია და ზღვის პირზე მდებარეობს. ,,შეიძლება მართლაც თვალი ქონდეს ვინმეს დადგმული და უნდოდეს, მაგრამ ჯერ არავის შემოუტანია განცხადება ამაზე (?!),,.- გვითხრა კანკავამ. საუბრის ბოლოს კანკავამ წარმოუდგენლად მიიჩნია მეცნიერი- მეწარმე ცოლ-ქმრისათვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა მისი სიძვირის გამო, მაგრამ იჯარით კვლავ გადაცემა არ გამორიცხა და ამ ეტაპზე უარის მიზეზად დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენა დაასახელა.

მეცნიერი მეწარმეები დანებებას არ აპირებენ

მეცნიერები კი ამბობენ, რომ მსგავსი სახის ბიომეურნეობები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობით სარგებლობს. აღნიშნული ბიომეურნეობა გაწევრიანებულია მსოფლიო ორგანულ მეურნეობათა დახმარების ასოციაციაში. ამ ფონზე მათ ხშირად სტუმრობენ ფერმერები და სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ამერიკიდან. სტუმრები აღტაცებაში მოდიან ამ მიწის ნაკვეთის განაშენიანებით და ხშირად მუშაობენ იქ. ჩვენი სტუმრობის დროსაც ჰოლანდიელი სტუდენტი გოგონა ფეხშიშველა იდგა ნაკვეთში და მუშაობდა. მეცნიერ ცოლ-ქმარს უამრავი საქართველოსა და კერძოდ ფოთისთვის აუცილებელი და საჭირო პროექტები აქვთ დამუშავებული და გრანტებსაც იგებენ. ამ ეტაპზეც როგორც ისინი გვიმტკიცებენ მათ შეუძლიათ საკმაოდ სოლიდური გრანტის მოპოვება, მაგრამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში არქონა შემაფერხებელი ფაქტორია. როგორც აღვნიშნეთ, მეცნიერების მიწის ნაკვეთს დიდი მოწონება აქვს უცხოელ სტუმრებში და როგორც ხშირად ხდება, საკუთარ ქვეყანაში დაუფასებლები არიან. მეცნიერი მეწარმეები დანებებას ნამდვილად არ აპირებენ და საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრასაც გეგმავენ დახმარების თხოვნის მიზნით.

ინგა გვასალია,ფოთი