ხუთ. აპრ 25th, 2024

სენაკის საკრებულოს ინიციატივით რამდენიმე თვეა მოსახლეობისათვის მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში შექმნილია ექიმთა ჯგუფი და შემუშავებული გრაფიკის მიხედვით ყოველი კვირის ბოლოს ჩადიან სენაკის სოფლებში და სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ მოსახლეობას. როგორც გავიგეთ, პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხების უქონლობის გამო სენაკის საკრებულოს თავმჯდომარემ ხვიჩა ჯიშკარიანმა უარი განაცხადა ახალი სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენაზე და თანხები ამ პროექტისკენ მიმართა.

პროექტით სარგებლობს ყველა კატეგორიის მოქალაქე. მის განხორციელებაში უშუალოდ ჩართულია სოფლის ექიმი და მასთან კოორდინირებული მუშაობით ხდება წინასწარი სამუშაოების ჩატარება. პროექტი მოიცავს გასინჯვა-გამოკვლევას, დიაგნოზს, ანალიზს, კონსულტაციას და რეცეპტს.

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 9 თვეს. კომპლექსური სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდება აგვისტოში, სექტემბრიდან კი დაიწყება მეორე ეტაპი. ამ ეტაპისათვის სამედიცინო კომპლექსური მომსახურეობით ისარგებლა 5 000 ადგილობრივმა მაცხოვრებელმა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში (ქალაქი 673 ბავშვი, თემებში 414 ბავშვი) ექიმ პარაზიტოლოგის გამოკვლევები ჰელმინთებზე, გაისინჯა ათას ოთხმოცდაშვიდი აღსაზრდელი, მათგან შვიდასამდე ბავშვი აღმოჩნდა დაინვაზირებული.

აღნიშნული პროექტით მოსახლეობა მადლიერია და იმედოვნებენ მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი პროექტები.
ინგა გვასალია, სენაკი